Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და გაერო გმობენ კრემლში დაგეგმილ ანექსირების ცერემონიას


29 სექტემბერს აშშ-მა და გაერომ მკაცრად დაგმეს რუსეთის გეგმა, 30 სექტემბერს გამართოს ანექსირების ცერემონია, უკრაინის ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმების შემდეგ, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები ყალბად მიჩნევენ, მაგრამ რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული "ოფიციალური პირები" აცხადებენ, რომ მოსახლეობა დიდი უმრავლესობით მიემხრო რუსეთთან გაერთიანებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ "არც ახლა და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმების ლეგიტიმურობას თუ შედეგებს", ხოლო გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ ანექსირება იქნება "სახიფათო ესკალაცია", რომელიც ძირს გამოუთხრის სამშვიდობო პერსპექტივას.

რეფერენდუმები იყო "აზრს მოკლებული მცდელობა შეინიღბოს ის, რაც უტოლდება უკრაინისთვის მიწის წართმევის მორიგ მცდელობას", - ამბობს ბლინკენი თავის განცხადებაში.

გუტერეშის თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით, "არანაირი კანონიერი ფასი არ ექნება და უნდა დაიგმოს"

მანამდე კრემლმა გამოაცხადა, რომ გამართავს დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას "რუსეთში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების" საკითხზე. ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.

XS
SM
MD
LG