Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ციმბირის მოსახლეობას და რუსეთში მცხოვრებ სხვა ხალხებს მიმართა.

„დაღესტნელები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში - ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ აღმოჩნდა. ორასამდე ხალხის წარმომადგენლები. თქვენ იცით ყველამ, ვინ გიშვებთ უკრაინაში. ვინც გიშვებთ, სურს, რომ თქვენ გაქციოთ „ტვირთ #200"-ად [პირობითი კოდირებული დასახელება, რომელიც გამოიყენება დაღუპულთა ცხედრების გადატანისას]. და რა გსურთ თქვენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ გინდათ სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილისგან დაიღალეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით: ბრძოლა ახლა არის საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს დაფაროს თავისი რეგულარული არმიის მარცხი და საკუთარი დანაშაულებრივი ბრძანებები. იბრძოლეთ, რათა არ დაიღუპოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს ქუჩებსა და მოედნებზე საკუთარი თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა, „იმისთვის, რომ შემდეგ საჭირო არ გახდეს ბრძოლის გამართვა მთებსა და ტყეებში, უბრალოდ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს".

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების დასახმარებლად 21 სექტემბერს გამოაცხადა მობილიზაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა. ბრძანებაში მობილიზაცია განსაზღვრულია როგორც ნაწილობრივი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს გაწვევის საკითხზე ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ვრცელდება ბევრი ცნობა, რომ უწყებებს უგზავნიან მათ შორის სამხედრო გამოცდილების არმქონე პირებს და განსაზღვრულ ასაკზე უფროს პირებს.

25 და 26 სექტემბერს მაჰაჩყალაში საპროტესტო აქციები გაიმართა მობილიზაციის წინააღმდეგ. გამოცემა Кавказ.Реалии იუწყებოდა, რომ 25 სექტემბერს დააკავეს 120-მდე მოქალაქე, მათგან რვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. მომდევნო დღეს პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს 110-მდე პირი, მათ შორის სულ მცირე 28 არასრულწლოვანი. 20-დე პირის დაკავების შესახებ ცნობები გავრცელდა ხასავიურტიდანაც, სადაც მობილიზაციის წინააღმდეგ ასევე გაიმართა სტიქიური მიტინგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG