Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ხელმძღვანელი გაიტაცეს, რუსეთი განმარტავს, რომ ის "დროებით დააკავეს"


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელი, იჰორ მურაშოვი
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელი, იჰორ მურაშოვი

უკრაინის კომპანია „ენერჰოატომის“ გენერალურმა დირექტორმა, პეტრო კოტინმა გამოაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელი, იჰორ მურაშოვი. რუსეთმა აცნობა საერთაშორისო ბირთვულ სააგენტოს, რომ მურაშოვი "დროებით დააკავეს".

ელექტროსადგური მარტის მერე რუსეთის არმიის ხელშია, მაგრამ მას უკრაინული პერსონალი მართავს. „ენერჰოატომის“ განცხადებით, 30 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მურაშოვი, რომელიც სადგურიდან ენერგოდარში, ავტომობილით მგზავრობდა, გააჩერა რუსეთის სამხედრო პატრულმა, მას თვალები აუხვიეს და ძალით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. განცხადებაში წერია, რომ მურაშოვი, როგორც სადგურის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე. მისი დაკავება საფრთხეს უქმნის ევროპის უდიდესი ბირთვული სადგურის უსაფრთხოებას.

„ენერჰოატომის“ დირექტორმა მიმართა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის და მოუწოდა, ყველა ზომითვის მიემართა, მურაშოვის გასათავისუფლებლად.

რუსეთის ხელისუფლებამ აცნობა საერთაშორისო ბირთვულ სააგენტოს, რომ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელი დაკავებული იყო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი, რომელიც სააგენტოს განცხადებას ეყრდნობა. „ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განმარტებისთვის მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და მას აცნობეს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი დროებით იყო დაკავებული, რათა პასუხები გაეცა შეკითხვებზე“, განაცხადა მისმა წარმომადგენელმა, დამატებითი დეტალების გარეშე.

ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ტერიტორიას პერიოდულად ცეცხლს უშენენ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინას და დასავლეთს სურთ არეალის დემილიტარიზაცია, ანუ რუსეთის ჯარისგან მისი გათავისუფლება, რის შესახებ ბირთვულმა სააგენტომაც მიიღო რეზოლუცია, მაგრამ რუსეთმა ის უარყო.

ერთი თვის წინ სადგური მოინახულა სააგენტოს დელეგაციამ, რომლის ორი წევრი ხანგრძლივად დარჩა იქ ვითარების სამეთვალყურეოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG