Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქალაქებში იმართება ირანის სოლიდარობის აქციები, შვეიცარიის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად


ირანის სოლიდარობის აქცია მადრიდში, 1 ოქტომბერი, 2022 წელი
ირანის სოლიდარობის აქცია მადრიდში, 1 ოქტომბერი, 2022 წელი

მსოფლიოს ქალაქებში 2 ოქტომბერს იმართება საპროტესტო აქციები - ირანელები და მათი მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს.

დემონსტრაციები ბევრ ქალაქში გაიმართა შაბათს, 1 ოქტომბერსაც. შვეიცარიის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, როცა ბერნში, ირანის საელჩოსთან გამართული აქციის დროს ორი პირი საელჩოს ღობეზე ავიდა და ირანის დროშა ჩამოხსნა. პოლიციის თანახმად, აღნიშნული პირები დააკავეს, არავინ დაშავებულა.

აქციების ტალღამ ირანი მას შემდეგ მოიცვა, რაც 22 წლის ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა მორალის პოლიციის მიერ მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. იგი პოლიციამ დააკავა ისლამური რესპუბლიკის მიერ ქალებისთვის დაწესებული ჩაცმულობის მკაცრი წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

ზედიზედ უკვე მე-16 ღამეა, ირანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, მიუხედავად სისხლიანი დარბევისა, რომელსაც უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანახმად, 1 ოქტომბერს აქციები გაიმართა მსოფლიოს 159 ქალაქში.

2 ოქტომბერს აქციები გაგრძელდა ბერლინში და ტორონტოში, ასევე საფრანგეთის და თურქეთის ქალაქებში.

XS
SM
MD
LG