Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემია მიიღო შვედმა სვანტე პააბომ


შვედი მეცნიერი სანტე პააბო, მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი
შვედი მეცნიერი სანტე პააბო, მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი

ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემია მიენიჭა არქეოგენეტიკის შვედ სპეციალისტს, სვანტე პააბოს აღმოჩენებისთვის, "რომლებიც ეხება გადაშენებული ჰომინინების გენომებს და ადამიანის ევოლუციას". მან ნეანდერტალელთა გენომი შეისწავლა და აღმოაჩინა მანამდე უცნობი ჰომინინი "დენისოველი", - განაცხადა ნობელის კომიტეტმა 3 ოქტომბერს.

"იმ გენეტიკური განსხვავებების წარმოჩენით, რომლებიც ამჟამად ცოცხალ ადამიანებს განასხვავებს გადაშენებული ჰომინინებისან, მისი აღმოჩენები გვიხსნის გზას შევისწავლოთ ის, რაც უნიკალურ ადამიანებად გვაქცევს", - დასძენს კომისია.

შარშან ნობელის პრემია მიენიჭა მკვლევრებს დევიდ ჯულიუსს და არდემ პატაპუტიანს, რომლებმაც აღმოაჩინეს ადამიანის მიერ ტემპერატურის და შეხების შეგრძნებისას ამოქმედებული უჯრედების რეცეპტორები.

ნობელის პრემიას, რომელსაც ბევრი სამეცნიერო სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევს, გასცემს შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის ნობელის ასამბლეა, და მისი ღირებულება 10 მილიონი შვედური კრონი, ანუ 900 000 ამერიკული დოლარია.

სვანტე პააბოსთვის მინიჭებული პრემია პირველია წლევანდელ ციკლში. 4 და 5 ოქტომბერს ცნობილი გახდებიან ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის და ქიმიის დარგებში, 6 და 7 ოქტომბერს კი აკადემია გამოაცხადებს ლიტერატურის და მშვიდობის დარგებში დაჯილდოებულ პირებს.

ბოლოს, 10 ოქტომბერს გამოცხადდება ეკონომიკის დარგში გაცემული ნობელის პრემია, რომელიც არ შედიოდა პრემიის დონორისა და დინამიტის გამომგონებლის, ალფრედ ნობელის (1833-1896) ანდერძში.

პრემიების მინიჭების ცერემონია გაიმართება ნობელის სიკვდილის დღეს, 10 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG