Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის სარდლობამ დაადასტურა ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ქვეყნის სამხრეთში. 2022 წლის სექტემბერი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ქვეყნის სამხრეთში. 2022 წლის სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის ოლქში გაათავისუფლეს 8 დასახლებული პუნქტი.

სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ წუხელ განაცხადა, რომ დეტალურად დაგეგმილი და ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულია ბერისლავის რაიონის დასახლებული პუნქტები: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი და დიდი და პატარა ალექსანდროვკა. სარდლობის ინფორმაციით, ყველა ამ დასახლებულ პუნქტში აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა.

ხერსონის ოლქის ამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლების შესახებ 4 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, უკრაინის არმია ქვეყნის სამხრეთში საკმაოდ სწრაფად და ძლიერად მოქმედებს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მხოლოდ ამ კვირაში, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებისგან გათავისუფლებულია ათეულობით დასახლებული პუნქტი როგორც ხერსონის, ისე ლუგანსკის, დონეცკის და ხარკოვის ოლქებში. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მეომრები არ ჩერდებიან და უკრაინის მიწიდან ოკუპანტების გაძევება მხოლოდ დროის საკითხია.

უკრაინის არმია კონტრშეტევას განაგრძობს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირებულად გამოცხადებიდან მეორე დღეს, 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდნენ. ლიმანზე კონტროლის აღდგენის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ლუგანსკის ოლქის მიმართულებითაც.

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და ამ რეგიონების პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ხელი მოაწერა "შეთანხმებებს", რომელთა ზოგადი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაში შედიან დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, ხოლო მათი "ფარგლები განისაზღვრება მათი შექმნის და რუსეთის შემადგენლობაში მიღების დღეს არსებული საზღვრებით". მანამდე, 23-27 სექტემბერს უკრაინის 4 რეგიონში ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთთან შეერთების საკითხზე.

რუსეთის მიერ უკრაინის 4 ოლქის ანექსიას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ერთადერთი, ვინც მოსკოვს მხარდაჭერა გამოუცხადა, ჩრდილოეთ კორეაა. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG