Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზემო ლარსზე“ მიტოვებული ავტომობილები საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავთ


"ზემო ლარსთან" არსებული ვითარება 2022 წლის 26 სექტემბერს
"ზემო ლარსთან" არსებული ვითარება 2022 წლის 26 სექტემბერს

ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციას საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავს საქართველოს საზღვართან მიტოვებული ავტომობილები, ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ წერს უფლებადამცველ პაველ ჩიკოვზე დაყრდნობით.

მისი სიტყვებით, ავტომობილის დაბრუნებას მის მფლობელებს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების პასპორტის წარდგენის შემთხვევაში ჰპირდებიან.

ჩიკოვის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულია ანონიმური მონათხრობი რუსეთის მოქალაქისა, რომლის ახლობელმაც ავტომანქანის ვლადიკავკაზში გადაყვანა ვერ მოასწრო.

„საქართველოში წამოვედი მობილიზაციის გამო. საზღვარზე „ზემო ლარსთან“ უზარმაზარი საცობი იყო. მანქანა გზის პირას დავტოვე, საზღვარი ველოსიპედით გადავკვეთე. ავტომობილის საბუთები და გასაღები ახლობელს გავატანე ვლადიკავკაზში, რომ მას წაეყვანა, მაგრამ ვერ მოასწრო. ყველა მიტოვებული ავტომობილი საჯარომო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. საგზაო საპატრულო სამსახურის დანაყოფის უფროსთან პირად საუბარში ახლობელმა გაიგო, რომ არსებობს ზეპირი განკარგულება იმის შესახებ, რომ ავტომანქანები მათ მფლობელებს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების პასპორტის წარდგენის შემთხვევაში გადასცენ“, - განაცხადა მან.

ჩიკოვის თქმით, საჯარიმო ავტოსადგომიდან მანქანის წაყვანა პირს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც შეუძლია.

ტელეგრამის არხ Mash Gor-ის ინფორმაციით, საჯარიმო ავტოსადგომზე უკვე 80 ავტომანქანა გადაიყვანეს.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოვიდა ინიციატივით, რუსეთის საზღვართან მოქალაქეების მიერ მიტოვებული მანქანები მობილიზებულთა ოჯახებისთვის გადაეცათ.

დღეს, 5 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი ავტომობილების რიგი აღარ არის. ვითარების სტაბილიზაციის შესახებ მანამდე საქართველოს შსს-მაც აღნიშნა.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ათასობით მოქალაქემ ქვეყნის დატოვების სურვილით საზღვრებს მიაშურა. რუსეთ-საქართველოს საზღვართან გასული კვირის განმავლობაში მრავალკილომეტრიანი რიგები იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17-29 სექტემბერს ქვეყანაში რუსეთის 100 000-მდე მოქალაქე შემოვიდა, თუმცა ამავე პერიოდში 77 000-ზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა.

XS
SM
MD
LG