Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირანული დრონების გამოყენებაზე გადავიდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ოქტომბერს


ირანული დრონების დილემა უკრაინაში - რატომ ვერ ხერხდება მათთან ეფექტიანი ბრძოლა?

5 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთმა ირანული „კამიკაძე დრონებით“, Shahed-136, 6-ჯერ დაარტყა კიევიდან 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბილა-ცერკვას. დაშავდა ერთი ადამიანი და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ერთჯერადი გამოყენების მძიმე და ხმაურიანი დრონები უკრაინელებს საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის.

სააგენტო "უნიანი", უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ 5 ოქტომბერს რუსეთმა ირანული დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთსაც, თუმცა უშედეგოდ - "6 დრონი საზენიტო-სარაკეტო დანაყოფმა გაანადგურა".

იმ ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც Shahed-136 ჩამოვარდნილა, ადამიანები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ მძლავრი აფეთქების წინ, მათ თითქოს მოტოციკლის ხმა მოესმათ.

რადგანაც ირანული დრონების დროულად აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, უკრაინული წყაროების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობას თითქოს მოტოციკლით გადაადგილებაც აუკრძალეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხმა მთლად საიმედო ნიშანი არ არის. 5 ოქტომბერს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ დრონის "ხმა ისმის მაშინ, როდესაც ის უკვე გამოჩნდება დასაზიანებელი ობიექტის თავზე".

რა აძნელებს ირანული დრონების ჩამოგდებას? გაიგე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიიდან.

„ეს მიუღებელია! აკრძალულია!“ - კონტროლს მიღმა დარჩენილი რუსულნომრიანი მანქანები

„ჭკვიანი კამერები“, რომლებიც საგზაო დარღვევებს აღნუსხავენ, უცხოურნომრიანი მანქანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ეს ძველი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის მოქალაქეები მასობრივად დაიძრნენ საქართველოსკენ და ლარსზე მანქანების რიგი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიწელა. რატომ არ არის „ჭკვიანი კამერები“ საკმარისად ჭკვიანი რუსულენოვანი მანქანებისთვის?

საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ იმ მანქანის მფლობელი/მძღოლი, რომელსაც ქართული ნომრები არა აქვს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა), საგზაო წესების დარღვევისთვის ვერ დაჯარიმდება.

„წლების წინაც ვლაპარაკობდი ამაზე, ეს მხოლოდ რუსულ მანქანებს არ ეხება, სხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებზეც იგივე ხდება. არ შეიძლება კანონი ერთს ეხებოდეს და მეორეს არა, ერთი ავტომობილი ორასით მიქროდეს და მეორე კანონს ემორჩილებოდეს. ეს მიუღებელია! აკრძალულია! არ შეიძლება! არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არ ხდება“, - ამბობს დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი. მისი თქმით, კამერები ნომერს ვერ ცნობენ, რადგან ისინი ბაზაში არ არის რეგისტრირებულები. ამიტომ დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილებიც უნდა შეიტანონ საერთო ბაზაში საზღვრის კვეთისას.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს

ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გუშინ კიდევ ერთხელ მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლის მწვავე დეფიციტი აქვს, რაც ნორმალური ჯანმრთელობის პირობებში არ უნდა არსებობდეს.

„ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები. დაწყებული ხერხემლის კვლევიდან, დამთავრებული ტვინის ფუნქციური გამოკვლევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური კვლევები. ყველა ეს კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შაჰინ ლახანმა.

ამ დრომდე ვერ ახერხებს სააკაშვილის მონახულებას კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს კობი. როგორც მან განაცხადა, კლინიკა „ვივამედში“ შესვლა რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა. ექიმის თქმით, გამგზავრება გადადო და იმედი აქვს, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას მისცემენ.

წაიკითხე მეტი.

პრაღა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს მასპინძლობს

6 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის ლიდერები და ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობათა მეთაურები ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე იკრიბებიან. მასზე საქართველოს მთავრობაცაა მიწვეული. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების პარალელურად ევროკავშირის არაფორმალური სამიტიც გაიმართება. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აპირებს პრაღაში შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს მიმართოს წერილით, რომელშიც ევროკავშირის ენერგეტიკულ შესყიდვათა ერთიან სისტემაზე იქნება ლაპარაკი. ევროკომისიის პრეზიდენტი ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ თავიანთი ინფრასტრუქტურის დაცვა, მათ შორის, შემოწმებების ჩატარებით და სატელიტური დაზვერვის გამოყენებით პოტენციური საფრთხეების ამოსაცნობად.

პრაღაში დღეს იგეგმება თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრაც. ინფორმაციას თურქული და სომხური წყაროები ავრცელებენ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ზაპოროჟიეს აეს-ის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც მთავრობას დაავალა ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს ზაპოროჟიეს აეს-ში ატომური ენერგიის გამოყენების ობიექტები. ესაა ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ექვსი ენერგობლოკით. აეს-ი მდებარეობს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული.

გუშინვე პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო კანონებს უკრაინის ოთხი რეგიონის, მათ შორის ზაპოროჟიეს, ანექსიის შესახებ. უკრაინა და მრავალი ქვეყანა იურიდიულად ბათილად მიიჩნევენ ამ გადაწყვეტილებებს და ანექსირებულ ტერიტორიებს კვლავაც უკრაინის ნაწილად განიხილავენ.

წაიკითხე მეტი.

OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას შეამცირებენ, ამას ფასების ზრდა შეიძლება მოჰყვეს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.

ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, ეს იმას გამოიწვევს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები მაღალი დარჩება ან შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ძირითადი შემცირება მოხდება საუდის არაბეთისა და რუსეთის ხარჯზე.

წაიკითხე მეტი.

რატომ ეშინია პუტინს იაკუტელი შამანის?

რუსეთის უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ გაუხანგრძლივა იძულებითი მკურნალობის ვადა შამან ალექსანდრ გაბიშევს, რომელიც იძულებით არის მოთავსებული სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ალექსანდრ გაბიშევი ის ცნობილი იაკუტი შამანია, რომელიც, მისივე სიტყვებით, „დემონ-პუტინის“ კრემლიდან განსადევნად ქვეითად გაემართა იაკუტსკიდან მოსკოვამდე და, რომელიც, 3 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დააპატიმრა 2019 წლის 19 სექტემბერს.

„ღმერთმა დამავალა პუტინ-დემონის განდევნა. მხოლოდ შამანს შეუძლია ამის გაკეთება - დემონთან ბრძოლა. იყავი თუნდაც ლენინი, სტალინი, ფრანგი რევოლუციონერი და ა.შ. - ვინც გინდა იყავი, თუნდაც ჩინგიზ ხანი, დემონთან ყველა დამარცხდება... ჩვენ წინ დგას არა ადამიანი, არამედ დემონი. მასთან ნებისმიერი პოლიტიკოსი დამარცხდებოდა. დემონთან გამკლავება მხოლოდ ჩემნაირ მებრძოლ შამანს შეუძლია“, - ალექსანდრ გაბიშევის ამ სიტყვებმა, ისევე, როგორც მისმა ლამის ექვსთვიანმა საჯარო მსვლელობამ მოსკოვისკენ, მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი მედიაორგანიზაციის მზერა მიიპყრო.

ვინ არის იაკუტელი შამანი? წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

5 ოქტომბერს კეკელიძის პირველ ნომერში დაგეგმილი გამოსახლება, აღსრულების ბიუროს მოულოდნელი გადაწყვეტილებით, გადაიდო. დილით, გამოსახლებამდე ორი საათით ადრე, ბინის ყოფილ პატრონს, მარინა ხატიაშვილს აღსრულების ბიუროდან შეატყობინეს, რომ ბიუროს წარმომადგენლები მოლაპარაკებაზე მისვლას გეგმავდნენ.

რა ვადით გადაიდო მარინა ხატიაშვილის ოთხსულიანი ოჯახის გამოსახლება კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინიდან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ გამოსახლების გადავადების მიზეზი დაძაბულობის თავიდან აცილება იყო. შესაბამისად, აღსრულების პოლიციამ გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და გამოსახლების პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინა თითქმის ოთხი წელია მარინა ხატიაშვილს აღარ ეკუთვნის. ბინა 2018 წელს, მას შემდეგ გაიყიდა აუქციონზე, რაც მან ვეღარ შეძლო იპოთეკარებისთვის ყოველთვიური სესხის გადახდა. მარინა ხატიაშვილის ადვოკატის თქმით, ისინი მზად არიან, 10 დღის განმავლობაში, კრედიტორს გადაუხადონ 70 ათასი დოლარი, იმაზე მეტი თანხა, რაც კრედიტორს სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აქვს ასაღები.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კრედიტორის ადვოკატს, იმის გასარკვევად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, თუმცა ადვოკატი კომენტარზე უარს გვეუბნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG