Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს მიუღებელია! აკრძალულია!“ - კონტროლს მიღმა დარჩენილი რუსულნომრიანი მანქანები


რუსეთიდან შემოსული ხალხი, ლარსი, 26 სექტემბერი, 2022
რუსეთიდან შემოსული ხალხი, ლარსი, 26 სექტემბერი, 2022

ჭკვიანი კამერები“, რომლებიც საგზაო დარღვევებს აღნუსხავენ, უცხოურნომრიანი მანქანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ეს ძველი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის მოქალაქეები მასობრივად დაიძვრნენ საქართველოსკენ და ლარსზე მანქანების რიგი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიწელა. რატომ არ არის ჭკვიანი კამერებისაკმრისად ჭკვიანი რუსულენოვანი მანქნებისთვის?

საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ იმ მანქანის მფლობელი/მძღოლი, რომელსაც ქართული ნომრები არა აქვს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა), საგზაო წესების დარღვევისთვის ვერ დაჯარიმდება.

წლების წინაც ვლაპარაკობდი ამაზე, ეს მხოლოდ რუსულ მანქანებს არ ეხება, სხვა ქვეყნის სანომრე ნიშნებზეც იგივე ხდება. არ შეიძლება კანონი ერთს ეხებოდეს და მეორეს არა, ერთი ავტომობილი ორასით მიჰქროდეს და მეორე კანონს ემორჩილებოდეს. ეს მიუღებელია! აკრძალულია! არ შეიძლება! არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არ ხდება, - ამბობს დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, - კამერა ნომერს ვერ ცნობს, რადგან, ჩემი ვარაუდით, ეს ნომრები საინფორმაციო ბაზაში არ არის. ამიტომ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარს გადმოკვეთავს, მისი ავტომობილის ნომერიც უნდა შეიტანონ ბაზაში“.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ჭკვიანი კამერები“ უცხოურნომრიანი ავტომანქანების დარღვევებს და მათ ნომრებს აფიქსირებენ, თუმცა პრობლემა სხვა რამეშია.

აფიქსირებს და აჯარიმებს, საუბარია აღსრულების მექანიზმის დახვეწაზე... როცა დაჯარიმება ხდება ვიდეოჯარიმით, ქვითარი უნდა გაიგზავნოს მის [მფლობელის] საცხოვრებელ მისამართზე. ეს ქმნის გარკვეულ სირთულეს“, - თქვა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა.

„რადგან განაცხადეს, რომ კამერები უცხო ნომრებს აღიქვამს, ვენდოთ და გავყვეთ ამ აზრს“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. მისი თქმით, თუ პრობლემა არა კამერებში, არამედ აღსრულებაშია, შსს-მ აუცილებლად უნდა მოიფიქროს მექანიზმი, რომლითაც ამ საკითხს მოაგვარებს, - სერიოზული გამოწვევაა. შსს- უნდა თქვას, რას აპირებს. კარგია, ხმამაღლა რომ ამბობს, რომ აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. საჭიროა სამოქმედო გეგმაც შეიმუშაოს. განსაზღვროს, რა რესურსი აქვს, ტექნიკურად თუ საკანონმდებლო კუთხით, სხვა უწყებებმაც განიხილონ.

ათიათასობით მანქანაზეა საუბარი. ადრინდელზე ბევრად ხშირად გვხდება უცხო ნომრები. იმის თქმა, რომ ეს ხალხი შემოდის და მერე გადის, არგუმენტი არ არის. ხედავს ხალხი, რომ არღვევენ, ავტობუსის ზოლში გადადიან, წითელზე გადიან. ეს აჩენს უსამართლობის განცდას, შეიძება ამის გამო კონფლიქტიც მოხდეს - თუ კანონი ვერ სცემს პასუხს, მოქალაქემ შეიძლება თავად გადაწყვიტოს პასუხის გაცემა“.

დავით მესხიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო გამოცდილებით, თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს საჯარიმო ქვითარი ადრესატს მისამართზე გაუგზავნოს, რადგან მუდმივი მისამართი არა აქვს, მას ეს ქვითარი დახვდება საზღვარზე, როდესაც ქვეყნიდან გასვლას გადაწყვეტს. ის საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს, სანამ ჯარიმას არ გადაიხდის.

დღეს მანქანას ხომ ვერ გაიფორმებ, თუ ჯარიმას არ დაფარავ?! ასე უნდა მოხდეს აქაც. გადაიხადოს საზღვარზე. რატომ არის პრობლემა საზღვრზე გადახდა?“, - კითხულობს ეკა ლალიაშვილი.

თუ მანქანა 90 დღეზე დიდხანს რჩება საქართველოში, მეპატრონე ვალდებულია დროებითი რეგისტაცია გაიაროს - ესეც ერთ-ერთი პუნქტია, სადაც შეიძლება მას ჯარიმის ქვითარი დაახვედრონ.

მანქანების რა რაოდენობაზეა საუბარი?

შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს მხოლოდ აგვისტოში ქვეყნიდან გავიდა და შემოვიდა 415 761 ავტომანქანა. 34% სომხეთში ან სომხეთიდან, 33% - რუსეთში ან რუსეთიდან და ა.შ. შარშან იმავე თვეში მანქანების რაოდენობა მხოლოდ 163 997 იყო. სულ 2021 წელს საქართველოდან 1 601 494 მანქანა გავიდა და შემოვიდა.

შარშან აგვისტოში შემოსული მანქანებიდან დიდი უმრავლესობა სატვირთო იყო - 14 128, მსუბუქი მხოლოდ - 3 614. წელს პირიქითაა, საზღვრები გადაკვეთა 33 687-მა მსუბუქმა ავტომანქანამ და 12 501-მა სატვირთომ.

აგვისტოში რუსეთში ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული მობილიზაცია. მიგრაციის ის ტალღა, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, მხოლოდ სექტემბრიდან დაიწყო. დღეს, 5 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების რიგი აღარ დგას. მანამდე შსს-მაც აღნიშნა, რომ ვითარება საზღვარზე უკვე სტაბილურია. შსს-ს ინფორმაციითვე, 17-29 სექტემბერს ქვეყანაში შემოვიდა რუსეთის 100 ათასამდე მოქალაქე, ქვეყანა დატოვა - 77 ათასმა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG