საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, არ გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომ "კულისებიდან მეტის გამოტანის აუცილებლობა" გახდეს საჭირო. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტნიორების მიმართ "დასმულ კონკრეტულ კითხვებზე" არ გაიცა პასუხები.
"მე რომ ამის ლაპარაკი მდომოდა, მე არ ვიქნებოდი "ქართულ ოცნებაში", ვიქნებოდი "ხალხის ძალაში". ბევრი რაღაც არის კულისებში, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ. ძალიან ვთხოვთ ყველას, ჩვენს მეგობრებს განსაკუთრებით, რომ ისეთ განცხადებებს, რომელსაც შესაძლოა მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, ჩვენ მიმართ ასე ნუ გააკეთებენ.
არის ბევრი საკითხი, რაზეც შეიძლება ჩვენ დისკუსია გავმართოთ, ერთმანეთთან ვიკამათოთ როგორც მეგობრებმა, როგორც პატრიოტებმა. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ, სტრატეგიულ და უსაფრთხოების ინტერესებზე, მათ თავიანთი გვითხრან. ამის შესახებ ჩვენ გარეთ საუბარს არ ვაპირებთ, რომ ვაპირებდეთ, მაშინ "ხალხის ძალაში" ვიქნებოდით, დავუშვათ.
ისეთი პათოსი ნუ იქნება, სადაც კულისებიდან მეტის გამოტანის აუცილებლობა და საჭიროება გახდება...
თუ არავინ გვაიძულებს, რომ კულისებიდან გავიტანოთ ეს ამბავი, "ქართულ ოცნებაზე" ვსაუბრობ, ეს იქნება მხოლოდ კარგი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ამ კომენტარს წინ უსწრებდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი დენის ჯენკინსის განცხადება. მან ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩსა და საელჩოზე თავდასხმას დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილი უწოდა.
მმართველი პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. მათ შორის პირველები, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, ერთობლივად გავრცელებულ განცხადებებში აშშ-ის ნეგატიურ როლზე საუბრობენ. მათი თქმით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. მათ შორის, არაერთხელ გაკეთდა მინიშნება "მეორე ფრონტის" გახსნაზე დადანაშაულების შესახებ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას:
"ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის, განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.