Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი ფასადურ რეფორმად მიიჩნევს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიას


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადება მმართველი პარტიის მიერ სასამართლო სისტემაში მომზადებული რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. 7 ოქტომბერი, 2022 წელი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადება მმართველი პარტიის მიერ სასამართლო სისტემაში მომზადებული რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. 7 ოქტომბერი, 2022 წელი

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმიანება პარლამენტში, მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გასული კვირის ბოლოს მომზადებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. კოალიცია აცხადებს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი არ ასახავს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ რეალურ გამოწვევებს. კოალიციის წევრები, რომლებმაც დღეს, 7 ოქტომბერს, ამ თემაზე განცხადება გაავრცელეს, მიიჩნევენ, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად.

კოალიციის წევრები აქცენტს აკეთებენ სასამართლო რეფორმის სტრატეგიის შექმნის პროცესზე და ამბობენ, რომ ახალი სტრატეგია იწერება სასამართლოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების გარეშე, რაც ბუნდოვანს ხდის მიზანს, რის მიღწევასაც შეიძლება რეფორმა ისახავდეს.

"იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი შერჩევითად და ფრაგმენტულად გვთავაზობს საკითხებს, რომელსაც უნდა შეეხოს რეფორმა. დოკუმენტში აგრეთვე შერჩევითად არის მოხმობილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები და იგნორირებულია ის მზარდი კრიტიკა, რომელიც ბოლო წლებში სასამართლოს მიმართულებით ჟღერდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

ჩვენთვის დასანანია, რომ შემოთავაზებული ხედვა მთლიანად უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, კერძოდ ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს სისტემაში. მეტიც, დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მართლმსაჯულების რეფორმის გატარება ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

XS
SM
MD
LG