Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეგვიკვეთეს და რა ჩამოუვათ 5 თვეში - საქართველოს არ აქვს ერთი გეგმა EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად


აქცია "შინ, ევროპისკენ" პარლამენტის წინ. 2022 წლის 3 ივლისი
აქცია "შინ, ევროპისკენ" პარლამენტის წინ. 2022 წლის 3 ივლისი

თვე-ნახევარია, საქართველომ 12-პუნქტიანი საშინაო დავალება მიიღო. თუ მას შეასრულებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. ამისთვის ხელისუფლებას თავისი გეგმა აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - თავისი. კიდევ მესამე გეგმაზე მუშაობენ დიდი ოპოზიციური პარტიები.

სამივე მხარე ამბობს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილის შესრულებას სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში. მათ კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს. კანონების შეცვლას “ქართული ოცნების” 81 დეპუტატიც ეყოფა, მაგრამ, მაგალითად, სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 ხმა სჭირდება.

“ქართული ოცნების” 1 ივლისს გამოქვეყნებულ გეგმაში ექვსჯერაა ნახსენები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა და არც ერთხელ - შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც, ევროკომისიის აზრით, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის გადასაჭრელად.

არადა, ევროკომისიას აქვს მოლოდინი, რომ სწორედ პოლიტიკოსების შეთანხმება და ერთიანობა გაზრდის საზოგადოების ნდობას მათ მიმართ.

წაიკითხეთ (მაქსიმალურად მოკლედ), რას აპირებს “ქართული ოცნება” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რას სთავაზობს კანონმდებლებს 23 სამოქალაქო ორგანიზაცია.

რეკომენდაცია #1 - პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება

“ქართული ოცნება” აპირებს შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დააკვირდება და გაზომავს ქვეყანაში “პოლარიზაციის დონეს”. ჯგუფი ყოველთვიურად მისცემს რეკომენდაციებს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. მასში იქნებიან დეპუტატები პარლამენტში მოხვედრილი ყველა პარტიიდან, აქტიური მოქალაქეები და “საერთაშორისო პარტნიორები”.

როდის შეიქმნება ჯგუფი არ წერია.

არასამთავრობოებს კი მიაჩნიათ, რომ დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია, “ქართულმა ოცნებამ” დაუთმოს ოპოზიციას ხუთი საპარლამენტო კომიტეტის და ერთი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარეობა.

საკანონმდებლო ცვლილების განხილვას დასჭირდება 6 კვირა, დამტკიცებას - 76 დეპუტატის ხმა.

რეკომენდაცია # 2 - სახელმწიფო ინსტიტუტების და პარლამენტის ეფექტიანი მუშაობა, უფრო დემოკრატიული არჩევნები

"ქართული ოცნების" გეგმით, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. მასში “სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები”.

დასავლეთი საქართველოს ურჩევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და (არაპარტიული) წევრები აირჩიოს ან პარლამენტის ორი მესამედით, ან ორი უმრავლესობით. ანუ კანდიდატურას მხარი მმართველმა პარტიამაც უნდა დაუჭიროს და ოპოზიციამაც.

არასამთავრობოები შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ პარლამენტს მისაღები აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებიც - მომდევნო ორი არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სურვილის შემთხვევაში 4 კვირაში შეიძლება, მას დასჭირდება 113 პარლამენტარის ხმა. რეკომენდაციების შემსრულებელი კანონების მიღება უფრო მარტივია - 76 დეპუტატის მხარდაჭერაც ყოფნის. განხილვის ვადა ოდნავ უფრო გრძელია - 6 კვირა.

რეკომენდაცია #3 - მართლმსაჯულების რეფორმა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტში, სულ ცოტა, 120 ხმა უნდა მიიღოს და არა 76, როგორც ახლა.

აუცილებელია ცვლილებები იუსტიციის საბჭოშიც. ეს ორგანო წარუდგენს პარლამენტს უზენაესი მოსამართლეების კანდიდატურას, შედგება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისგან. დღეს საბჭოში ძალაუფლება მოსამართლეების ხელშია, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი უნდა გახდეს არამოსამართლეების 2/3-ის გარეშე.

დასავლეთი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შეთანხმდნენ ხუთივე არამოსამართლე წევრის კანდიდატურაზე. ასევე, ექსპერტების დასკვნით, შესაძლოა უზენაესი მოსამართლეები ხელახლა გახდნენ დასანიშნები.

ახლა “ქართული ოცნება” პატარა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობს “როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტზე”.

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესიც - ამას უნდა დასჭირდეს მინიმუმ 120 ხმა.

“ქართული ოცნების” გეგმის თანახმად, შესაბამის კანონპროექტს “29 ნოემბრამდე” დაამტკიცებენ. არასამთავრობოების გეგმაში წერია, რომ ამის გაკეთება 10 კვირაში შეიძლება.

რეკომენდაცია #4 - ანტიკორუფციული სააგენტოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, გახადოს ანტიკორუფციული სააგენტო უფრო დამოუკიდებელი, რათა ამ უწყებამ ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიება შეძლოს.

იგივე ეხებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

“ქართული ოცნება” ამ შემთხვევაშიც მრავალპარტიულ სამუშაო ჯგუფს ქმნის. კანონპროექტების წარდგენას 19 ოქტომბრამდე გეგმავენ, დამტკიცებას - 1 დეკემბრამდე.

პირველი კანონპროექტი უკვე მზადაა. ის აერთიანებს სამ ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ერთ, დამოუკიდებელ სამსახურად.

ოპოზიციის გეგმით, შესაცვლელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესიც.

ყველა ამ საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცებას 76 ხმაც ეყოფა.

რეკომენდაცია #5 - დეოლიგარქიზაცია

უნდა აღმოიფხვრას კერძო ინტერესების ზეგავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, - გვირჩევს ევროკომისია.

ხელისუფლების გეგმა - უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციაზე”. პარლამენტი მას მიიღებს, “არა უგვიანეს 29 ნოემბრისა”.

არასამთავრობოები კი ამბობენ, რომ “ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება”.

რეკომენდაცია #6 - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა

ხელისუფლების გეგმა - სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე დააკვირდება სამართალდამცავების მუშაობას, მონიშნავს ხარვეზებს და შეიმუშავებს მათი აღმოფხვრის გეგმას.

არასამთავრობოების აზრით კი, ორგანიზებულ დანაშაულთან უკეთ ბრძოლა სამართალდამცველებს “დაუყოვნებლივ” შეუძლიათ.

რეკომენდაცია #7 - თავისუფალი მედია, ჟურნალისტების უსაფრთხოება

ევროკომისიის მოწოდება “სისხლისსამართლებრივი პროცედურები მედიის მფლობელთა წინააღმდეგ აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს”, "ოცნების" გეგმაში საერთოდ არაა ასახული. მხოლოდ ის წერია, რომ სახელმწიფო უწყებები გამოძიებებზე ინფორმაციას მეტად ხელმისაწვდომს გახდიან.

სამოქალაქო ორგანიზაციებს კი მიაჩნიათ, რომ რადგანაც მათ და სახალხო დამცველს "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიზებულად მიაჩნიათ, პრეზიდენტს მისი შეწყალება შეუძლია.

გარდა ამისა, გამოსაძიებელია 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმები, ფარული მოსმენებისა და თვალთვალის საქმეები.

რეკომენდაცია #8 – მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვა

აქ “ქართული ოცნება” იმავეს აპირებს, რასაც მეშვიდე პუნქტისთვის. არასამთავრობოების გეგმის თანახმად, სახელმწიფომ უნდა გაასამართლოს 2021 წელს ჰომოფობიური თავდასხმების ორგანიზატორები (მყისიერად) და ჩაატაროს საინფორმაციო კამპანია ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან საბრძოლველად - ორ თვეში.

რეკომენდაცია #9 - გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან

“ქართული ოცნების” გეგმა - კანონპროექტების პაკეტები მომზადდება “აქტიურ სამუშაო პროცესში”. პარლამენტს წარედგინება “არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა”, დამტკიცდება 15 ნოემბრამდე.

სამოქალაქო საზოგადოების გეგმა აქაც გაცილებით კონკრეტულია. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების შესახებ მუხლი უნდა შეესაბამებოდეს სტამბოლის კონვენციას, რომელიც ადგენს, რომ მსხვერპლის თანხმობის არარსებობა უკვე ნიშნავს გაუპატიურებას.

რეკომენდაცია #10 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში

“ქართული ოცნების” გეგმის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის ყველა საკითხის განხილვაში ჩაერთვებიან. ეს უკანასკნელები კი წერენ, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა გაითვალისწინოს მათი საკანონმდებლო რეკომენდაციები.

რეკომენდაცია #11 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება

იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართველი მოსამართლეებისთვის უფრო “წონიანი” გახდეს, “ქართული ოცნება” ამზადებს კანონპროექტს. პირველ სექტემბრამდე წარუდგენს მას პარლამენტს, 18 ოქტომბრამდე კი დაამტკიცებს.

არასამთავრობოების გეგმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაწეროს შესაბამისი სახელმძღვანელო მოსამართლეებისთვის, “ერთ თვეში, ან ნაკლებ დროშიც”.

რეკომენდაცია #12 - სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა

“ქართული ოცნება” დებს პირობას, 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს “ინკლუზიური პროცედურა”. მისი წყალობით, ომბუდსმენის კანდიდატი მისაღები იქნება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციისთვის. სახალხო დამცველის დამტკიცებას სჭირდება 90 დეპუტატი. ეს მოხდება “არა უგვიანეს 1 დეკემბრისა”.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ პარტიებს მოუწევთ, შეთანხმდნენ კანდიდატურაზე.

***

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებში მონაწილეობენ, ამბობენ - არ ჩანს იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” საერთო ენის გამონახვას აპირებდნენ.

“ჯერჯერობით კონსენსუსი არ არის, არც ძვრები მის მისაღწევად”, - უთხრა რეკომენდაციების ერთ-ერთმა ავტორმა, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ რადიო თავისუფლებას.

ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG