Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთში დაბადება ჯოჯოხეთი და წყევლაა" - როგორ პოულობენ ერთმანეთს თბილისში გამოქცეული რუსები და უკრაინელები


69 წლის სვეტლანა სმირნოვა ხერსონიდანაა. ის ომს გამოექცა და ახლა თბილისში, რუს მოხალისეებს ეხმარება.
69 წლის სვეტლანა სმირნოვა ხერსონიდანაა. ის ომს გამოექცა და ახლა თბილისში, რუს მოხალისეებს ეხმარება.

მოხალისეთა ცენტრი "Choose To Help" ცოტნე დადიანის 7 ნომერში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” დაბანაკდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, აქ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ. ძირითადად, რუსი მიგრანტები.

შესვენებებზე კამათობენ იმპერიალიზმზე, კოლექტიურ ბრალეულობასა და იმაზე, რუსეთს თუ ეშველება რამე.

აქაურობა მეორეული ტანსაცმლის მაღაზია გეგონებათ. ძირითადად, ქალების და ბავშვების. თუმცა, ვინტაჟური პალტოების და შარვლების თვალიერებას თუ არ შეჰყვებით, თქვენს ყურადღებას გვერდიგვერდ განლაგებული ორი გრძელი მაგიდა მიიპყრობს.

პირველთან ლტოლვილები ეწერებიან. დიდ ჟურნალში უკვე 7600-ზე მეტი სახელი და გვარია. მეორესთან 15-კაციანი რიგი დგას. აქ დახმარება რიგდება.

სერგეი არიგებს პროდუქტებს და პირველადი მოხმარების ნივთებს.
სერგეი არიგებს პროდუქტებს და პირველადი მოხმარების ნივთებს.

მაგიდის უკან მდგომი კაცი ყველას რიგ-რიგობით ეკითხება: შამპუნი? საპონი? ტუალეტის ქაღალდი? შვრია? ლობიო? მაკარონი? და ბოლოს, საფინალო აკორდივით: ჩაი თუ ყავა?

ყავას ქაღალდის პარკებში მოსკოვიდან ჩამოსული 37 წლის ნინა (სახელი შეცვლილია) აფასოვებს. პატარა ჩამჩით ტომრიდან ამოიღებს, პარკში გადმოყრის და შემდეგ პარკის თავს დაასტეპლერებს. მიყვება, ახლა კარგად ვარ, მაგრამ ომი რომ დაიწყო, ერთი თვე ფსიქიატრიულში ვიწექიო.

დანაშაული და სირცხვილი

35 წლის რუსლან ნასიბულინი ტანსაცმელს ახარისხებს. მოსკოვში კლიპმეიკერად მუშაობდა. თბილისში წელს, 8 მარტს ჩამოვიდა, 10-ში კი მოხალისეობა დაიწყო.

რუსლან ნასიბულინი
რუსლან ნასიბულინი

ხელები ტატუებით აქვს დაფარული. ბოლო ტატუ “ძმაო” საქართველოში დაიხატა. მეორე ხელზე აწერია “1937”, მის ზემოთ ხატია თავის ქალა.

რუსლანის ტატუ
რუსლანის ტატუ

მოსკოვში კრიმინალურ უბანში, ლიუბერციში გაიზარდა. სახლში “ლიფტი არასდროს მუშაობდა”, “სადარბაზოებში ჩაკაიფებული ნარკომანები ეყარნენ”. სკოლაში რუსი ძველი ბიჭები, “გოპნიკები” ავიწროებდნენ. შემდეგ “მოპანკო ინტელიგენციაში” ამოყო თავი და ერთ დღესაც საბჭოთა რეპრესიებით დაინტერესდა.

“დავიწყე გულაგებით, სტალინით, შემდეგ კი გადავედი იმ დანაშაულებებზე, რომელსაც სკოლებში არ ასწავლიან”, - ჰყვება რუსლანი. იხსენებს, რომ მაშინ პირველად გაუჩნდა სირცხვილის განცდა.

“ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, პატრიოტიზმი იზომება იმით, თუ რამდენად გრცხვენია შენი ხალხის დანაშაულებებისო. "მემორიალის" [რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის] ყოველ ახალი პუბლიკაციის, უკრაინაში ყოველი ახალი [სამხედრო დანაშაულის] ფაქტის მერე, უფრო და უფრო მრცხვენია”, - ამბობს რუსლანი.

2021 წელს უკვე ღრმა დეპრესია ჰქონდა. შეიძლება იმიტომ, რომ დიდხანს ცხოვრობდა “შინაგან ემიგრაციაში. ანუ როცა გეზიზღება ადგილი, სადაც ცხოვრობ, მაგრამ განაგრძობ იქ ცხოვრებას… რუსეთში დაბადება ჯოჯოხეთი და წყევლაა”.

ორი ნაცნობი და ბევრი ტაქსისტი

მოხალისეები ეხმარებიან მათ, ვისაც უკრაინული პასპორტი აქვთ და ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველ კვირას, შეგროვილი შემოწირულებებით ყიდულობენ პირველადი საჭიროების ნივთებს. და არა მხოლოდ. პატარა სათავსოში ნახავთ ლეიბებს, თეთრეულს, ტაფებსა და ქვაბებს. ყველას ზედ აქვს მიკრული სტიკერები, სადაც სახელები და ტელეფონის ნომრები წერია. ანუ მალე პატრონებმა უნდა მიაკითხონ.

25 წლის სონია გერიჩი ლეპტოპთან ზის და ექსელის ცხრილში ბოლო დღეების ხარჯები შეაქვს. სექტემბერში თითქმის 55 ათასი ლარი დაერიცხათ. გახარჯეს - 54.

სონია უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ რუსული პასპორტი აქვს. “არც იქით ვარ და არც აქეთ. როცა მეკითხებიან, საიდან ხარო, სახლიდან-მეთქი, ვპასუხობ”.

სონიამ გვთხოვა, ეს ფოტო გამოგვექვეყნებინა და მოგვწერა, აქ თითქმის ვიღიმიო.
სონიამ გვთხოვა, ეს ფოტო გამოგვექვეყნებინა და მოგვწერა, აქ თითქმის ვიღიმიო.

ამბობს, რომ ყოველდღე ძალიან ბევრი საქმე აქვს და ფიქრისთვის დიდად არ სცხელა, მაგრამ ხანდახან თავს უხერხულად გრძნობს. მაშინ, როდესაც ზოგი ლტოლვილი ითხოვს, რომ რუსეთში დაბრუნდეს, იბრძოლოს და პუტინი ჩამოაგდოს.

ქუჩაში ასე პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ ამ ჩუმ მოლოდინს ქართველებსაც ატყობს. მარტიდან მოყოლებული ერთი ქართველი თანატოლი მეგობარიც კი ვერ გაიჩინა. “ერთ-ორს ვიცნობ და კიდევ ძალიან ბევრ ტაქსისტს”, - ხუმრობს იგი.

“რუსს გააჩნია”

სონია თავის ტელეფონში ტელეგრამის ჩატს მაჩვენებს, სადაც 400-ზე მეტი მოხალისეა. “სამსახურში” სტაბილურად დაახლოებით 25 კაცი დადის. მათ შორის უკრაინელი ლტოლვილებიც არიან.

61 წლის ნატალია (სახელი შეცვლილია), აგვისტოს ბოლოს ხერსონის ოლქიდან ჩამოვიდა ქმართან ერთად. თითქმის 1400 კილომეტრი მანქანით, რუსეთის გავლით გაიარეს.

3 მარტს, რუსმა ჯარისკაცებმა ხერსონი მთლიანად დაიკავეს. მას შემდეგ, ნახევარი წელი “მხუთავ შიშში” იცხოვრა.

“ვერ აღვწერ, როგორი განცდაა, როცა შენს ქალაქში ხარ, მაგრამ ხედავ, რომ ეს შენი ქალაქი აღარ არის”, - მეუბნება იგი და თან მაკარონს აფასოვებს.

“ქარვასლაში” პირველად ჰუმანიტარული დახმარების ასაღებად მოვიდა, თუმცა შემდეგ თავადაც მოხალისეობა გადაწყვიტა. 18 სექტემბრიდან მოყოლებული, ყოველდღე.

რუსებზე რას ფიქრობს? “რუსს გააჩნია”, - მეუბნება ნატალია. “ვინც ახლა სახლი წამართვა, ისინი მტრები არიან. მაგრამ აქ დამეხმარნენ, ამათ რას ვერჩი. ცოტა გამომიყვანეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც საქართველოში ჩამოსვლის მერე ვიყავი”.

დღემდე მოუსვენრადაა. “ყველაზე სასაცილო ისაა, რომ თითქოს უსაფრთხოდ ხარ, მაგრამ ამისგან უარესად ხარ და ეგრევე გინდება იქ [უკრაინაში] დაბრუნდე”.

და ისინი, ვინც რუსეთში დარჩა და ომს არ აპროტესტებენ? “ეს უკვე გადავიტანე, 2014 წელს, როცა ყირიმი აიღეს. შოკში ვიყავი, ასე როგორ შეიძლება-მეთქი, ვამბობდი. ეს აღარ მტკივა. თუ რუსებს უნდათ ასე ცხოვრება და 22 წელია ასე ცხოვრობენ, ღირსები არიან”, - ამბობს ნატალია.

არჩევანი აქვთ? “კი. იცით, სად აღარ აქვს ადამიანს არჩევანი? სასაფლაოზე”.

დეპრესიის წამალი

მეუბნებიან, აქ უფროსი არ გვყავსო. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია: ფულის შეგროვება, სოციალური ქსელების მართვა, ბენეფიციარების ჩაწერა, საყიდლები, ნივთების გადახარისხება. ამ ყველაფერს მენეჯერი სჭირდება.

32 წლის ნასტია ზარეცკოვა, მოსკოვში მშენებლობაზე ადმინისტრატორად მუშაობდა. აქ, მოხალისეთა ცენტრში, ეს ძალიან გამოადგა. “ჩემი ამოცანაა, ვამოწმო, რომ არავის არაფერი დაავიწყდეს. ახლებს ვუხსნი, რა როგორ უნდა ქნან”.

ნასტია ზარეცკოვა
ნასტია ზარეცკოვა

ცენტრში არც ერთი ქართველი მოხალისე აღარ დარჩა. ამაზე ლაპარაკი დიდად არავის უნდა. ღიად მხოლოდ იმას მეუბნებიან, უბრალოდ საერთო ენის გამონახვა ვერ მოვახერხეთო. ბევრი მოხალისე გამომიტყდა, რომ გრძნობს უხილავ კედელს მათსა და ქართველებს შორის.

“შეიძლება მითხრან: რუსი ხარ, აქ რა ჯანდაბა გინდა, თქვენ დაიწყეთ ეს ყველაფერიო”, - ჰყვება ნასტია. თბილისში მაისის ბოლოს ჩამოვიდა და კარგად აქვს გააზრებული, რომ “სტუმრადაა”.

“ყოველ ჯერზე, როცა ქართველთან ვიწყებ ლაპარაკს, ჯერ ქართულად ვესალმები. შემდეგ კი ვეკითხები, ინგლისური თუ რუსული-მეთქი. მაგრამ ისეთი ცუდი ინგლისურით ვლაპარაკობ, ბევრს ვეცოდები და რუსულზე გადადის”.

ისიც დანაშაულის გრძნობამ მოიყვანა მოხალისეთა ცენტრში? არა. “ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რუსული პასპორტი მაქვს. ეს არაფერ შუაშია”, - ამბობს ნასტია.

საღამოს, როცა ყველას ვემშვიდობები, რუსლანი მეკითხება, რომელია ქართულში ყველაზე გრძელი სიტყვა, ბევრი თანხმოვნითო. ვეფხვთმბრდღვნელი გამახსენდა. რუსლანი მაწვდის ქაღალდის ფურცელს და ინტერესით უყურებს, როგორ ვწერ სიტყვას ჯერ ქართული ასოებით, შემდეგ კი ინგლისური ტრანსკრიფციით. მეუბნება, რომ საქართველოზე მეტის გაგება ძალიან ეხმარება. ისევე, როგორც მოხალისეობა.

“უბრალოდ ვიცი, რომ მოხალისეობის დროს დეპრესია ნაკლებად მემუქრება. ვიცი, რომ ამის კეთება საჭიროა და ვაკეთებ”, - ამბობს იგი.

მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში საქართველოში თითქმის 25 ათასი უკრაინელი ლტოლვილი იყო ჩამოსული. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, ჯერ კიდევ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებულ მობილიზაციამდე, მათი რაოდენობა 200 ათასს ასცდა. იქიდან მოყოლებული, საქართველოში, ლარსის გავლით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG