Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა კრიზისი განახლების შანსად: „მიშას პარტია“ მიშას გარეშე


გია ნოდია
გია ნოდია

ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისის ნიშნებია. მიჭირს ცალსახად შევაფასო მისი სიმძიმე, მაგრამ, როგორც გარედან ჩანს, პარტია ასეთ ცუდ დღეში არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ.

კრიზისის დაძლევა მისი შიდა საქმეა. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ არის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე პოლიტიკურ სპექტრში. ის პოლიტიკური ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერია - 2021 წლის არჩევნებმა მისი ეს სტატუსი კიდევ უფრო გააძლიერა. ამიტომ, მისი კრიზისი (თუ შევთანხმდით, რომ ის არსებობს) ზოგადად პოლიტიკურ სისტემაზე ახდენს გავლენას: დღევანდელ პირობებში, ის დემოკრატიის საერთო კრიზისის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

რამ გამოიწვია ეს კრიზისი? მას აქვს უშუალო და ძირეული მიზეზები. ორივეზე ჩემს აზრი გამოვთქვამ.

სააკაშვილის დაბრუნება და მისი შედეგები

არ შევეცდები პარტიის შიდა დაპირისპირებებში გარკვევას: ამას მაინც ვერ შევძლებ და ეს მთავარი არ მგონია. კრიზისის მიზეზი არც ნიკა მელიაა, არც დავით კეზერაშვილი და არც ფეისბუქ-აქტივისტთა რომელიმე ჯგუფი.

დღევანდელ მდგომარეობას უშუალო ბიძგი მისცა ადამიანმა, ვინც მისი ერთიანობის სიმბოლო და წარმატებების მთავარი ავტორია: მიხეილ სააკაშვილმა. ამით არ მინდა ვთქვა, რომ „ყველაფერი მიშას ბრალია“: საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. უბრალოდ, მოვლენების თანმიმდევრობა მინდა აღვადგინო.

შიდაპარტიული კრიზისის საწყის წერტილად იქცა სააკაშვილის მოულოდნელი ნაბიჯი: საქართველოში დაბრუნება. სავარაუდოდ, მის ჩამოსვლას პოლიტიკური პროცესების დაჩქარება, საბოლოოდ, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ, თუ ეს იყო მისი ანგარიში, ის არ გამართლდა.

არარეალისტური მოლოდინების შექმნა და შემდგომი იმედგაცრუება პარტიის და მისი მომხრეების დემორალიზაციის საწინდარი გახდა. წლის განმავლობაში, პარტიის ხელმძღვანელობა პასიური (თუ არა პარალიზებული) რჩებოდა და საზოგადოებისთვის რაიმე მკაფიო გზავნილი, ვითარების შეცვლის მეტ-ნაკლებად გასაგები გეგმა არ შეუთავაზებია.

სხვა, ე.წ. „მესამე“ ოპოზიციური პარტიების აქციები ჯერ კიდევ მანამდე დაეცა; მათ „ნაციონალური მოძრაობის“ პასიურობით შექმნილი ვაკუუმის შევსება და პოლიტიკური ინიციატივის თავის თავზე აღება არც უცდიათ. შედეგად, ნაციონალური მოძრაობის კრიზისი სრულიად სამართლიანად აღიქმება ზოგადად ოპოზიციის კრიზისად.

ეს, ერთგვარად, პარადოქსულია, რადგან მიმდინარე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, პირველ რიგში, ხელისუფლების კიდევ უფრო აშკარა ანტი-დასავლური (მაშასადამე, ავტომატურად პრო-რუსული) გადახრა, ობიექტურად, უფრო აქტიურ ოპოზიციაზე მოთხოვნას ბადებს - მაგრამ ოპოზიცია მას ვერაფრით პასუხობს.

ის რომ სააკაშვილის დაბრუნება შეცდომა აღმოჩნდა, ამაზე დავა დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მაგრამ, თუმცა ჩამოსვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, მასზე პასუხს მხოლოდ ის არ აგებს. მას ინაწილებენ პარტიის ერთგული მომხრეები, ვინც მას, პირდაპირ ან ირიბად, ჩამოსვლისკენ მოუწოდებდა. ცხადია, მათ - ისევე როგორც თავად სააკაშვილს - კარგი უნდოდათ, მაგრამ შედეგი ის იყო, რაც დადგა.

ამ ყველაფრის ცალსახა აღიარება რთულია. უფრო ადვილი იყო, გაწბილებით გამოწვეული ბრაზი არსებულ ლიდერებზე, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე გადაეტანათ. ამის თქმა არანაირად არ უკავშირდება იმ საკითხს, რამდენად იმსახურებს მელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერობას: ეს ჩემი საქმე არ არის. 2022 წელს ის პასიური, არეფექტური და არცთუ თანმიმდევრული ლიდერი იყო და ამ მხრივ მისი კრიტიკოსების პრეტენზიები საფუძლიანია. მაგრამ არა მგონია, მელიაზე მომხრეთა განსწყენების მთავარი მიზეზი ეს ყოფილიყო. კრიტიკოსების თვალში, მან ვერ შეძლო, მიშას ჩამოსვლით შექმნილი საპროტესტო მუხტი სათანადოდ გამოეყენებინა და შემდეგ „არასაკმარისად“ იბრძოდა მიშას განთავისუფლებისთვის. სხვა სიტყვებით, მისგან პოლიტიკურ სასწაულს (ხელისუფლების შეცვლას, სააკაშვილის განთავისუფლებას - რაც, არსებითად, ერთი და იგივეა) ელოდნენ, მელიამ კი სასწაული ვერ მოახდინა.

სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის?

სააკაშვილის წარუმატებელი (თუ არა ტრაგიკული) დაბრუნებით გამოწვეული გაწბილება კრიზისისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი იყო. პარტიისთის კიდევ უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა განცხადებები, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მთლიანად უკრაინაზეა გადართული. ფაქტობრივად, ეს პარტიიდან გასვლას ნიშნავდა.

ბევრი მომხრე ამ განცხადებებს ბოლომდე არ ან ვერ იჯერებს: იქნებ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია? იქნებ გადაიფიქროს? ეს ბუნებრივი რეაქციაა: თუ ფაქტად მიიღებ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის, ეს პარტიის ექსისტენციალური კრიზისის საწინდარი შეიძლება გახდეს. მომხრეთა დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას პარტიაა; მათ არ შეუძლიათ და არც უნდათ მისი წარმოდგენა მის გარეშე.

ჯერჯერობით, პარტიის ერთადერთი „სახე“, ვინც მომხრეებს მოუწოდა, ამ ახალი რეალობისთვის თვალი გაესწორებინათ, ნიკა ობოლაძეა; მაგრამ მის ამ განცხადებას ჯერჯერობით დიდი გამოხმაურება (თუნდაც კრიტიკული) არ მოჰყოლია. რაც ნიშნავს, რომ, ამ ეტაპზე, პარტიის ხელმძღვანელობის და მომხრეების დიდი ნაწილი რეალობის უარყოფის რეჟიმშია.

პარტია და ლიდერი

თუ კრიზისის მიზეზებს ისე ვხედავ, როგორც დავწერე, რატომ ვთქვი, რომ მას სააკაშვილს არ ვაბრალებ? ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ, როცა სააკაშვილი იმ მდგომარეობაშია, რაშიც არის, მისი კრიტიკა არაეთიკურია (თუმცა ესეც ჩემთვის სრულიად გასაგებია). არა, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის კონკრეტულმა ქმედებებმა მხოლოდ უშუალო ბიძგი მისცეს მიმდინარე კრიზისს.

მისი ძირეული მიზეზი სხვაა: კერძოდ, ის, რომ ერთი კაცის მხარდაჭერაზე აგებული პარტია (ვინც არ უნდა იყოს ის და როგორც არ უნდა მოიქცეს) გარდუვალად სუსტია და ადრე თუ გვიან მძიმე დღეები დაუდგება. ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, ეს შეიძლებოდა ცოტა გვიან და ცოტა სხვაგვარად მომხდარიყო, მაგრამ ზოგადად კრიზისი გარდუვალი იყო.

მისი გადალახვა შეიძლება, მაგრამ ამისთვის პარტიამ თავისი იდენტობა რადიკალურად უნდა შეცვალოს - თუნდაც დამფუძნებელლი ლიდერის მემკვიდრეობა ამ იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩეს.

არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამას „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მინდა, შეძლოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოში ამის პრეცედენტი არ არსებობს. „ნაციონალებმა“ უკვე აჯობეს საქართველოში ისტორიულად არსებულ სხვა პარტიებს იმით, რომ გაუძლეს ძალაუფლების დაკარგვის ტრავმას და სერიოზულ რეპრესიებს, რაც ამას მოყვა. შესაძლოა, ერთ-ერთი კარგი რამ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოხდა, სწორედ ესაა: წინა მმართველი პარტია „რადარებიდან არ გამქრალა“ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ დარჩა. მე რომ „ოცნებისა“ვიყო, ყველაზე მეტად ამით ვიამაყებდი; მაგრამ მათი კოლექტიური ტვინი, სამწუხაროდ, სხვანაირადაა მოწყობილი.

ოღონდ ეს სერიოზული მიღწევა ჯერ კიდევ არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ პარტია გაუძლებდა მეორე მთავარ გამოცდას - ლიდერის შეცვლას. ისევ ჩვენს ისტორიულ პრეცედენტებს შევხედოთ: ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის პარტიები უკვალოდ გაქრნენ, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ზვიად გამსახურდიას მომხრეები, იგივე „ზვიადისტები“, პოლიტიკის ფაქტორად დარჩნენ. დიდწილად მათი დამსახურებაა, რომ დღეს გამსახურდია თითქმის ხელშეუხებელი, საყოველთაოდ აღიარებული ფიგურაა ქართულ პოლიტიკურ პანთეონში. მაგრამ „ზვიადისტებმა“ ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ შექმნეს. ისინი ჯერ მრავალ, ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად დაიქსაქსნენ, შემდეგ კი ესენიც, ერთიმეორის მიყოლებით, ატმოსფეროში გაიბნენ.

ნაციონალურ მოძრაობას აქვს საკმარისი მორალური და პოლიტიკური კაპიტალი, რაზე დაყრდნობითაც შეუძლია, არსებობა გააგრძელოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის გამოცდილება და იმ პერიოდის სერიოზული მიღწევებია. ცხადია, მათ მმართველობას არსებითი შეცდომებიც და წარუმატებლობებიც ახლდა თან, მაგრამ სხვა მმართველობების შედეგებთან შედარება მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს „ნაციონალების“ უპირატესობაში დაარწმუნებს. სხვა არც ერთ პარტიას ასეთი „კოზირი“ ხელში არ უჭირავს.

ცხადია, წარსული მიღწევების გახსენება საკმარისი არ არის. ნაციონალურმა მოძრაობამ, ნებისმიერი სხვა პარტიის მსგავსად, უნდა დაარწმუნოს ადამიანები, რომ მომავალშიც შეუძლია, სხვაზე უკეთ გაუძღვეს ქვეყანას. მაგრამ საწყისი მორალური და პოლიტიკური კაპიტალი მისი უპირატესობაა.

მიუხედავად ამისა, ეს ძალიან ძნელი იქნება. ქართული პოლიტიკური ტრადიცია მხოლოდ პერსონალისტურ პარტიებს ცნობს; სხვანაირებიც არსებულა, მაგრამ ბევრი არაფრისთვის მიუღწევია. შედარებით წარმატებული მაგალითი შეიძლებოდა გამხდარიყო „ევროპული საქართველო“, რომელიც, თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ნიშნით გამოეყო: მის მომხრეებს არ უნდოდა, ეს უკანასკნელი ერთი ლიდერის პარტია ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ პარტიის გამოცდილება ნეგატიური გამოდგა: საბოლოოდ, მან პოლიტიკური ფიგურების და მხარდაჭერების უდიდესი ნაწილი დაკარგა და, რაც განსაკუთრებით ირონიულია, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ასოცირებულ პარტიად იქცა.

როგორც ვთქვი, ნაციონალური მოძრაობის კეთილისმსურველი ვარ და მინდა, მან წარმატებას მიაღწიოს იქ, სადაც სხვებმა ეს ვერ შეძლეს. ოღონდ წარმატებისთვის საჭიროა, პრობლემა სწორად იქნას დანახული. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ნიკა მელიას სხვა თავმჯდომარე ჩაანაცვლებს (როგორც ეს მის მოწინააღმდეგეებს უნდათ), თუ, პირიქით, პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა რადიკალი კრიტიკოსების შემოტევებს წარმატებით მოიგერიებს (რასაც, ჯერჯერობით, მეტ-ნაკლებად ახერხებს). ყველა მოკამათე მხარემ უნდა შეიგნოს, რომ პარტიას საკუთარი იდენტობის ფუნდამენტური გადააზრება სჭირდება: ის ვეღარ იქნება მხოლოდ „მიშას პარტია“. თუ ის ამას შეძლებს, ის საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG