8 ოქტომბერს ირანში გაიმართა ახალი საპროტესტო აქციები, რასაც სამართალდამცველთა მკაცრი რეაქცია მოჰყვა. დემონსტრანტები განრისხებული არიან ახალგაზრდა ქალის სიკვდილით, რომელიც ჩაცმულობის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობაში გარდაიცვალა.
თვითმხილველთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები მოწმობს, რომ მცირე საპროტესტო გამოსვლები მოეწყო თეირანში, თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქ კარაჯიში და რამდენიმე სხვა ქალაქში.
იტყობინებიან ასევე მუშების გაფიცვების თაობაზე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის გამო მღელვარება ამ რეგიონებში თავდაპირველად ყველაზე უფრო მწვავე იყო.
ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებები“, რომელსაც ოსლოში უდევს ბინა, აცხადებს, რომ მინიმუმ 92 დემონსტრანტი იქნა მოკლული უშიშროების ძალების მიერ. სხვა ჯგუფები 160-ზე მეტს ასახელებენ. ასობით ადამიანი დაჭრილია და ათასობით - დაპატიმრებული.
ადამიანის უფლებების დამცველებმა, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ძირითადად ქურთებით დასახლებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებს მეთვალყურეობენ, განაცხადეს, რომ 8 ოქტომბერს პოლიციამ ხალხს ცეცხლი გაუხსნა მინიმუმ ორ ქალაქში - სანანდაჯსა და საყეზში. ამავე დროს მათ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
ირანში მეოთხე კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრაციებმა სწრაფად მოიცვა ქვეყანა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რაიმე გამოძიების ჩატარებამდე განაცხადა, რომ ჩაცმულობის მაკონტროლებელი პოლიცია არ იყო ამინის სიკვდილისთვის პასუხისმგებელი.
ქვეყნის ხელმძღვანელები, მათ შორის ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლების უკან უცხოეთი დგას.
მკაცრი კურსის მომხრე პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ მსგავსი განცხადებები გააკეთა, მათ შორის - 8 ოქტომბერს თეირანის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე.
როგორც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, ქალთა სასწავლებელში რაისის გამოსვლას მოჰყვა სტუდენტი ქალების განრისხებული შეძახილები: „რაისი, წაეთრიე“, „მოლებო, წაეთრიეთ“.