Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის


ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული იყოს.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მედიკოსები დაადასტურებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მისცეს უფლება, რომ მკურნალობა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს:

„კონკრეტიკა გაქვთ რამე, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? მე ვიცი, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“.

8 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი კატეგორიულ უარს ამბობს საკვების მიღებაზე და პრაქტიკულად სულ წევს. ალასიანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოძრაობა უჭირს.

მანამდე სააკაშვილი მოინახულა ამერიკელმა ექიმმა, პროფესორმა ჯეიმს კობიმ. ჯეიმს კობი არის ქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რომელიც ასევე საქმიანობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლისა და სახსრების სერიოზული ტრავმების მკურნალობას.

საქართველოში ჩამოსული ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას კვირაზე მეტი ელოდა. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 3 ოქტომბერს განმარტა, კობისთვის ნათქვამი უარი "არასრულყოფილი" დოკუმენტაციით იყო განპირობებული, თუმცა ადვოკატები და ცენტრი „ემპათია“ საპირისპიროზე ლაპარაკობენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება, ამბობენ, რომ მდგომარეობა კრიტიკული არ არის და „ამ ეტაპზე [სააკაშვილი] არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას“.

XS
SM
MD
LG