სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 5, მათ შორის ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დანგრეულია საცხოვრებელი სახლი. ბოლო ერთი კვირაა რუსეთის სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს თითქმის ყოველდღე უტევენ. დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
რუსმა სამხედროებმა წუხელ სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზეც. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრზე შეტევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და 2 დაიჭრა.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ხმელნიცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც.