Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში პოლიციამ 20 წლის მანძილზე პირველად ცნო პოლიციელები წამებაში დამნაშავეებად


დაღესტანში სასამართლომ პოლიციის ორი თანამშრომელი, შამილ ალიევი და რამაზან საიპულაევი, წამებაში დამნაშავედ ცნო და თითოეულს სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ იტყობინება „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“, რომლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მათი 20-წლიანი მუშაობის პერიოდში ეს პოლიციელების დამნაშავედ ცნობის პირველი შემთხვევაა.

სასამართლომ ასევე ალიევი, საიპულაევი და მათი დამხმარე, ოპერრწმუნებული მაია ახმედოვა, დამნაშავედ ცნო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში. ახმედოვას ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ალიევმა და საიპულაევმა 2020 წლის მარტში პოლიციის განყოფილებაში სცემეს გამყიდველ, იულდუზ კურაშოვას, ახმედოვამ კი გააყალბა დოკუმენტები, რომელთა თანახმად, კურაშოვა თითქოს რწმუნებულთა თანდასწრებით შეამოწმეს. იმავე დღეს კურაშოვას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ძლიერი მოქმედების ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობისთვის. მოგვიანებით საქმე დაიხურა, კურაშოვას კი 50 ათასი რუბლი კომპენსაცია გადაუხადეს.

კურაშოვას თქმით, ის მეგობართან ერთად მგზავრობდა ტაქსით, როცა მათ უცებ გადაუჭრა გზა ავტომანქანამ. მანქანიდან გადმოვიდა მისი ორი ნაცნობი პოლიციელი სამოქალაქო ტანსაცმელში, გამოათრიეს ის ტაქსიდან და ძალით ჩასვეს თავიანთ მანქანაში. კურაშოვა მოჰყვა, რომ იქ მას კეფაში დაარტყეს მუშტი, ურტყამდნენ ფეხებში და თავში. პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს კურაშოვას ცემა, მას ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ და რომ ნარკოტიკს ჩაუდებდნენ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ კურაშოვას დაუდგინა თავის ქალისა და ტვინის შიდა ტრავმა, ტვინის შერყევა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევა.

XS
SM
MD
LG