Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსულ ქვედანაყოფებს უბრძანეს დონეცკის ოლქში შეტევის დროებით შეწყვეტა


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ მიმართულებებზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში, რუსულმა ქვედანაყოფებმა სარდლობისგან მიიღეს შეტევების დროებით შეწყვეტის განკარგულებები. უკრაინის გენშტაბი ძირითად მიზეზად ასახელებს მოწინააღმდეგის შევსებულ ძალებში მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაბალ დონეს, მობილიზებულებში დეზერტირობის მრავალრიცხოვან ფაქტებს და საბრძოლო ბრძანებების შეუსრულებლობას. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 21 საავიაციო დარტყმა და 104 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის მონაცემებით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ნიკოლაევის, ვინიცის, ჩერკასის და ბელოგოროვკის რაიონები. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა ფრთოსანი და საზენიტო რაკეტები და ირანული უპილოტო საფრენი აპარატები.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკის რაიონში გაანადგურეს რუსეთის ჯარების 3 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300 და პირადი შემადგენლობა, ხოლო ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტოკარევკის რაიონში 150-მდე რუსი სამხედრო.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 32 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 25-ზე მეტი ადგილის და 7 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 4 ვერტმფრენი და 26 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 6 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 7 ადგილი და საბრძოლო მასალების 4 საწყობი.

XS
SM
MD
LG