საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
დღესვე დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან, რის შემდეგაც პრეზიდენტების პრესკონფერენცია გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუსს.
მოლდოვაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
“აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად კარგ, მჭიდრო და პარტნიორულ ურთიერთობებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეს პირველად ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის ისტორიაში, დაიწყო პირდაპირი ავიამიმოსვლა კიშინიოვსა და თბილისს შორის და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ქალბატონი სალომე პირველი რეისით ჩამობრძანდა”, - განაცხადა მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა.
საქართველოს პრეზიდენტს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმირ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისსა და კიშინიოვს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისით იმგზავრა.