Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილის ადვოკატი: თანაცხოვრების დროს ნიკოლოზი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას​


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს ტიტულიანი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ქვეყნის პირველი ჩოგანი ყოფილ ცოლთან, ნელი დოროყაშვილთან თანაცხოვრებისა და დაშორების შემდეგ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამის დასადასტურებლად ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა გეგმავს, სასამართლოზე მოწმეებად ფსიქოლოგები დაკითხოს.

"სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი და ამას განიცდიდა წლების განმავლობაში", - თქვა ჩოგბურთელის ადვოკატმა.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ კვლევა, რომელიც ბასილაშვილის ადვოკატმა წარადგინა, ამ დრომდე არ ჰქონია სასამართლოს.

"ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში მას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, განსხვავებით დაზარალებულისგან. ეს ერთ- ერთი გარემოებაა, ხოლო რა სტანდარტია დაცული, აკმაყოფილებს თუ არა ექსპერტიზისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტებს, ამის გამოკვლევა იქნება პროცესზე", - თქვა დაზარალებულის ადვოკატმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა დაზარალებულის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, საქმეს დაერთვება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG