Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი და თავდაცვის მინისტრი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ


საქართველოს პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდნენ. ინფორმაციას და ფოტომასალას უწყებების პრესსამსახურები ავრცელებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს...

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

"განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

უწყების ინფორმაციითვე, ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG