21 ოქტომბრის 00:00 საათიდან იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარულ პაციენტებს აღარ მიიღებს. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამის მიზეზია სარემონტო სამუშაოები და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა.
"ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას. მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული. სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი", - უთხრა "რუსთავი 2-ს" იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
კლინიკაში შემოწმებით გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოშიც.
"ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში. ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება", - განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.