ირანმა 22 ოქტომბერს გააკრიტიკა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოთქმული მოწოდება, რომ გაერომ უნდა გამოიძიოს ცნობები რუსეთის მიერ ირანში დამზადებული დრონების გამოყენებაზე უკრაინის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნასერ ქანაანის თქმით, E-3 ჯგუფის სახელით წოდებული ქვეყნების მიერ 21 ოქტომბერს გაკეთებული ეს მოწოდება "ყალბია და უსაფუძვლო", და ირანი მას "მძლავრად უარყოფს და გმობს".
უკრაინის განცხადებით, რუსეთს მის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიაქვს მათ შორის ირანში დამზადებული Shahed-136-ის დრონებით, რომლებიც სამიზნის თავზე ტრიალებს და ფეთქდება. ამ ბრალდებას ირანიც და რუსეთიც უარყოფენ.
"ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, თავის მისწრაფებაში დაიცვას ეროვნული ინტერესები და ღირსეული ირანელი ხალხის უფლებები, იტოვებს უფლებას უპასუხოს ნებისმიერ უპასუხისმგებლო ნაბიჯს" - ქანაანის ამ სიტყვებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
წერილში, რომელსაც გაეროში ელჩები აწერენ ხელს და რომელსაც სააგენტო როიტერსი გაეცნო, ევროპის სამი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებას გაეროს გამოძიების ჩატარების თაობაზე და აცხადებს, რომ დრონების გამოყენება წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევას.