ვლადივოსტოკის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, ვიქტორ კამენშჩიკოვმა, რომელმაც რუსეთი დატოვა მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სოციალური ქსელებით დაწერა, რომ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და გავიდა საიმიგრაციო ციხიდან. კამენშჩიკოვი ამბობს, რომ ამჟამად მაიამიში, ფლორიდის შტატში იმყოფება.
კამენშჩიკოვი 19 მაისს დააკავეს მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე, სავარაუდოდ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო. ამის შემდეგ მან აშშ-ში თავშესაფრის მიღება ითხოვა.
აშშ-ის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია კამენშჩიკოვის მიერ გავრცელებულ ცნობებზე.
რუსეთის კომუნისტური პარტიის ადგილობრივი დანაყოფის პირველმა მდივანმა, რეგიონალურ პარლამენტში პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა, ანატოლი დოლგაჩევმა განაცხადა, რომ დეპუტატმა, რომელიც უწინ ფრაქციაში შედიოდა, "ჩირქი მოსცხო რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას, მისი დისკრედიტაცია მოახდინა". დოლგაჩევმა კამენშჩიკოვს "მოღალატე" უწოდა.
კამენშჩიკოვი საქალაქო საბჭოს სხდომებს აღარ ესწრებოდა თებერვლიდან, როცა ის უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა. 27 თებერვალს მან პარტიის დატოვების თაობაზე დაწერა განცხადება. თავისი გადაწყვეტილება კამენშჩიკოვმა ახსნა უთანხმოებით პარტიის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც მხარი დაუჭირა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" აღიარებას და უკრაინაში შეჭრას.