ორი მამაკაცი რუსეთიდან, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფარი ითხოვეს მას მერე, რაც მიმდინარე თვეში ალასკის შორეულ კუნძულზე ნავით ჩავიდნენ, რუსეთში მობილიზაციას გამოქცეული მკვიდრი ციმბირელები არიან, ამბობს ალასკელი სენატორი.
"ისინი თავიანთ სიცოცხლეზე შიშობდნენ, რადგან რუსეთი უკრაინაში გასაწვევად უმცირესობების ჯგუფებს იღებს სამიზნედ", - თქვა ლისა მურკოვსკიმ 22 ოქტომბერს.
მამაკაცები 4 ოქტომბერს ნავით ჩავიდნენ გამბელისთან ახლოს, შორეულ დასახლებასთან წმინდა ლავრენტის კუნძულზე, რომელიც 58-მდე კილომეტრითაა მოშორებული ციმბირის ჩუკოტკის ნახევარკუნძულისგან. ამ ინციდენტმა შტატის კანონმდებლებს უბიძგა ფედერალური მთავრობისთვის დამატებითი დახმარების თხოვნისკენ, თუკი ალასკას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, კიდევ უფრო მეტი რუსი შეაფარებს თავს.
რუსეთი ათასობით მამაკაცმა დატოვა მას მერე, რაც პუტინმა სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის შემცირებული ძალების შესავსებად გაწვეულ იქნეს 300 000-მდე სამხედრო.