Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მონათესავე სულები“ - რით გახდა ორბანის პოლიტიკა მისაბაძი საქართველოსთვის?


ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფოციალური ვზიტი ბუდაპეშტი, 27 ოქტომბერი, 2022 წელი.
ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფოციალური ვზიტი ბუდაპეშტი, 27 ოქტომბერი, 2022 წელი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შედეგ ამბობს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის "მსგავსება ბევრია" და "ძალიან ახლოს" არიან პოზიციებით მათ შორის - გეოპოლიტიკისა და ომის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უნგრეთისგან საქართველო ბევრ რამეს სწავლობს. 

ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთი მოკავშირეებისგან მკვეთრად განსხვავებული მიდგომებით გამოირჩევა და ახლაც, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის ფონზე, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს. თავად ორბანი პუტინთან დაახლოებული პირია და არცთუ იშვიათად, ის და უნგრეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კრემლისთვის სასარგებლო იდეებს ახმოვანებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. კოლეგებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და სამომავლო ურთიერთობების განმტკიცების გეგმები დასახეს.

„ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ორბანის მთავრობამ „ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა", უნგრეთის მაგალითები საქართველოსთვის მისაბაძია და ასევე, მსგავსია ხედვები უკრაინაში მიმდინარე ომზე.

ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით...

მინდა აქვე აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხი დავიცვათ ამ რთულ დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე და დაამატა, რომ საერთო ამოცანაა "მომაკვდინებელი ომის" "რაც შეიძლება მალეშეჩერება.

ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. უკრაინულ-რუსული ომი დიდი სურვილი გვაქვს, რომ მალე დასრულდეს და საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, - ეს უკვე ვიქტორ ორბანის სიტყვებია.

ორი ქვეყანის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ორბანი დაინტერესებულია ელექტროენერგიის მიღებით აზერბაიჯანიდან, რის შესახებაც, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც ლაპარაკობდა. უნგრეთის პრემიერს თბილისის ხელშეწყობის იმედი აქვს და თავადაც მზად არის საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„მონათესავე სულები“

"ერთნაირი ჩიტები შეყრილან?" - ვიქტორ ირბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას, ტვიტერზე, იდიომატური გამოთქმით გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი. მის მიერ დაწერილი ფრაზა - მონათესავე სულების, ერთნაირი მისწრაფებებისა და ინტერესების აღსანიშნავად გამოიყენება.

იან კელი არცთუ იშვიათად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ შორის - ირაკლი ღარიბაშვილს. მისი კრიტიკა უკრაინის ომთან მიმართებით თბილისის უმოქმედობასაც უკავშირდება. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა არც იან კელის აკლია.

ივნისში, როცა ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და საქართველოს ხელისუფლებამ ესეც „ომში ჩათრევის“ სცენარს დაუკავშირა - ანტიდასავლური და პრორუსული ძალები ხშირად იშველიებდნენ უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ საქართველოს ეკუთვნოდა ეს სტატუსი, მაგრამ ბრიუსელი მას დისკრიმინაციულად მიუდგა.

ორბანმა 27 ოქტომბერსაც თქვა, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს“ დაეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება“.

საქართველოსა და უნგრეთის მთავრობები „მონათესავე სულებს“ აგონებს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასაც და ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უნგრეთის მაგალითები სახარბიელო სულაც არ არის.

„უნგრეთმა უკვე გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო გადის. მათ ბევრი რამ აქვთ დღეს მსგავსი. ვფიქრობ, მსგავსია ანტიდასავლური რიტორიკა და ავტორიტარული მმართველობის ტენდენციები... მონათესავე სულები ერთმანეთს ბუნებრივად იზიდავენ იმ ფონზე, როცა საქართველოს უფუჭდება ურთიერთობა სხვა დასავლელ პარტნიორებთან“, - გვეუბნება კაკაჩია. მისთვის გასაგებია "საით შეიძლება წავიდეს საქართველო, თუ უნგრეთის გზას გაჰყვა და რაიმე არ შეიცვლება უახლოეს ხანში“.

ორბანის ხედვები, უნგრეთის გზა

მმართველი პარტია "ფიდესის" ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. ის არ იზიარებს ევროკავშირის ერთიან სულისკვეთებას რუსული გაზის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

მაშინ, როცა დასავლეთის ძირითადი ქვეყნები ღიად უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებენ, ორბანი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს და ხშირად იმეორებს, რომ ეს სანქციები არ მუშაობს.

სექტემბერში, როდესაც სსრკ-ის უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა, დასავლეთის ლიდერებს შორის ორბანი ერთადერთი იყო, რომელიც მოსკოვში ჩავიდა. უკრაინაში ომის გამო, სხვა დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის დედაქალაქში ჩასვლაზე უარი თქვეს.

დასავლელი ექსპერტებისთვის ნათელია, რომ უნგრეთი უკან იხევს დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, მკაფიოდ უპირისპირდება ევროკავშირს და კრიტიკას არ იღებს.

„უნგრეთი ცხადი მაგალითია ქვეყნისა, რომელიც ევროკავშირს იდეოლოგიურად უპირისპირდება (და რუსეთთან და ჩინეთთან მიდის კომპრომისზე), ამავდროულად კი სარგებლობს ევროპული ფულით, რათა თავისი კორუმპირებული სისტემა დააფინანსოს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ოლივერ შმიტი, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ომის კვლევის ცენტრის პროფესორი.

სექტემბერში, ევროპარლამენტარების 81%-მა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, უნგრეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს "სრულყოფილ დემოკრატიად". ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ქვეყანა გადაიქცა „საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად“, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული. რეზოლუციამ ბუდაპეშტის ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია.

ივლისში, დასავლური ქვეყნების სტრუქტურები თუ ცალკეული ლიდერები ორბანს „ღიად რასისტული“ განცხადებების გამო დაუპირისპირდნენ. 23 ივლისს, რუმინეთში, ის გამოვიდა გაფრთხილებით "არაევროპელებთან შერევის“ წინააღმდეგ.
აშშ-მა ამ მიდგომას "უპატიებელი" უწოდა. შეშფოთება გამოთქვეს ებრაელთა თემების წარმომადგენლებმა. ევროპარლამენტის პარტიებმა ორბანის სიტყვებს "მიუღებელი" და ევროკავშირის „საბაზისო ღირებულებებთან შეუსაბამო" უწოდეს.

2021 წელს, მას შემდეგ, რაც ორბანის ლიდერობით მოქმედმა პარტიამ („ფიდესი“) ევროპის ყველაზე დიდი მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია (EPP) და მოგვიანებით, ევროპარლამენტის შესაბამისი ფრაქციაც დატოვა, ვიქტორ ორბანმა მემარჯვენე ორიენტაციის ახალი პლატფორმის, ორგანიზაციის შექმნის იდეა გაახმაურა და თანამოაზრეებთან მოლაპარაკებებს შეუდგა. ითქვა, რომ ახალი პლატფორმა იქმნება ადამიანებისთვის, რომლებსაც - „ტრადიციულ ევროპის სჯერათ“.

ფაქტები წარსულიდან

ვიქტორ ორბანთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ მან, 2019 წლის მარტში, თავის ფეისბუკგვერდზეც დაწერა :

„ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე... ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი, უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება, ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას“.

ვიქტორ ორბანი საქართველოს 2012 წლის სექტემბერში, ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში ესტუმრა, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო.

უნგრეთის პრემიერმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს,- წერდა მაშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს 26 ოქტომბერს ესტუმრა. ვიქტორ ორბანის გარდა, ის ბუდაპეშტში შეხვდა უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანიბას.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორბანმა ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG