Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომს ყველა ისე გაურბის, როგორც შეუძლია


მობილიზებული რუსი ჯარისკაცები ყაზანთან ახლოს. Kazan Expo-ს ცენტრში. 2022 წლის 6 ოქტომბერი
მობილიზებული რუსი ჯარისკაცები ყაზანთან ახლოს. Kazan Expo-ს ცენტრში. 2022 წლის 6 ოქტომბერი

23 წლის რუსეთის მოქალაქე იგორი, რომლის სახელიც გასაგები მიზეზების გამო შეცვლილია, უკრაინაში რუსეთის არმიის ფრონტზე აპრილში მოხვდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს თავად მოაწერა ხელი, სექტემბერში მტკიცედ გადაწყვიტა, აღარ ეომა. დაყარა იარაღი და გამოიქცა უკრაინიდან, რაშიც მას ადგილობრივი მცხოვრებლები დაეხმარნენ.

მაგრამ სახელმწიფოს მიერ მობილიზებულ რუსეთის სხვა მოქალაქეებს, ვისაც არ სურს სისხლისმღვრელ ომში მონაწილეობა, ამაში ეხმარება პროექტი „იდიტე ლესომ“ („ტყით იარე“), რომელსაც ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ 2300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

პროექტში ჩაბმულია ათობით მოხალისე, ხოლო მისი შექმნა უკავშირდება გრიგორი სვერდლინს, წარსულში ფონდ „ნოჩლეშჟკის“ (ღამის სათევი) დირექტორს, რომელიც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსახლკარო ადამიანებს ეხმარებოდა.

პროექტში მონაწილე მოხალისეები მზად არიან დაარღვიონ კანონი, რათა დაეხმარონ მობილიზებულ მოქალაქეებს არ მოხვდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ სასტიკ ომში, რომელმაც ბევრი რუსის და უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას დავეხმაროთ. რაც უფრო ნაკლები ადამიანი გამოკრავს ხელს იარაღის სასხლეტს, მით უკეთესია. ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ მობილიზაციას დაემალონ რუსეთში, გახდნენ დეზერტირები და არალეგალურად წავიდნენ საზღვარგარეთ“, - ამბობს გრიგორი სვერდლინი.

მოხალისე საქართველოდან და მისი მისია

პროექტში „იდიტე ლესომ“ მონაწილე მოხალისეებისადმი ორი ძირითადი მოთხოვნა არსებობს - მათ რამდენიმე საათი უნდა დაუთმონ კლიენტების კონსულტაციას და უნდა იმყოფებოდნენ რუსეთის საზღვრებს მიღმა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც თავად მოხალისეებისათვის, ისე მათთვის, ვისაც ყველანაირად სურთ თავი დააღწიონ საძულველ მობილიზაციას.

პროექტში მონაწილე მოხალისე ოლესია ჯგუფს სექტემბრის ბოლოს შეუერთდა. ბოლო ნახევარი წელი ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, სადაც რუსეთიდან ემიგრირდა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ.

„პროექტში მონაწილეობა ძალიან მეხმარება: ვგრძნობ, რომ საჭირო ვარ, შემიძლია წამოვდგე იმ ემოციური ფსკერიდან, რაშიც მთელი ამ მოვლენების შედეგად აღმოვჩნდი“, - ამბობს იგი.

ოლესია ამბობს, რომ თავისი საქმიანობის გამო რუსეთში დარჩენის შემთხვევაში მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ, ხოლო მეუღლეს აიძულებდნენ ომში წასვლას, სადაც უკვე რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებში დაიღუპა 7502 რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი, ამის შესახებ საუბარია„ბი-ბი-სისა“ და გამოცემა „მედიაზონის“ ერთობლივ ანგარიშში, რომლის თანახმად, ფრონტის ხაზზე ყველაზე დიდ დანაკარგს რუსეთის ელიტური ქვედანაყოფები განიცდიან.

უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში რუსეთმა 64 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

რუსეთის ხელისუფლებამ ომის 8 თვის განმავლობაში ორჯერ გამოაქვეყნა ცნობა პირადი შემადგენლობის დანაკარგის თაობაზე.

დანაკარგისა და რუსეთის მასშტაბით მობილიზებული მოხალისეების ცუდი ყოფითი პირობების გამო რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დაემალოს ნაწილობრივ მობილიზაციას.

ოქტომბრის დასაწყისში რუსეთში მატარებელი დატოვა ასეულობით მობილიზებულმა სამხედრომ, რომლებიც „ცხოველურ პირობებს“ უჩიოდნენ და თავიანთი ამბოხის შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნეს.

პროექტის „იდიტე ლესომ“ მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან დაარღვიონ კანონები, რათა დაეხმარონ მობილიზებულ მოქალაქეებს თავიდან აიცილონ ფრონტზე მოხვედრა.

„სიცოცხლე ჩემთვის უმაღლესი ღირებულებაა - როგორც იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებსაც სახელმწიფო ომში მიერეკება, ასევე ფრონტის მეორე მხარეზე მყოფი უკრაინელებისა - ისინი შეძლებენ გადარჩენას, თუ უკრაინაში არ მოხვდებიან მობილიზებული რუსები. მე დავიღალე საკუთარი სახელმწიფოს შიშისაგან, სახელმწიფოსი, რომელსაც შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას ჩემი გამონათქვამების და იმის გამო, რომ ადამიანების დახმარებას ვცდილობ“, - ამბობს ოლესია.

მსურველებს შეუძლიათ, რომ დახმარებისათვის პროექტს „იდიტე ლესომ“ ტელეგრამბოტების საშუალებით დაუკავშირდნენ. პროექტი უკვე დაეხმარა არაერთ მოქალაქეს, რომ წასულიყვნენ რუსეთიდან ან ფრონტზე ტყვედ ჩაბარებულიყვნენ. ამ ამოცანით პროექტის ფარგლებში ყველაზე გამოცდილი და დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან კარგად ნაცნობი „ლესნიკები“ (მეტყევეები) არიან დაკავებულნი

„ჩვენ ადამიანებს კონსულტაციას ვუწევდი ნებისმიერ ეტაპზე - როგორც მობილიზაციამდე, ისე მობილიზაციის შემდეგ, როდესაც ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. იმედი მაქვს, რომ უკვე წინა ხაზზე მყოფი ბევრი ადამიანი მოეგება გონს. ჩვენ მზად ვართ, რომ ვუკარნახოთ მათ, თუ როგორ ჩაბარდნენ ტყვედ. ჩვენ გვაქვს კონტაქტი უკრაინულ პროექტთან „ხოჩუ ჟიტ“ (მინდა სიცოცხლე). ამასთან, ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ნაბიჯი იყოს ადამიანის არჩევანი, ჩვენ თავს არავის არაფერს ვახვევთ. მხოლოდ განვსაზღვრავთ რისკებს და შესაძლებლობებს, რაც კონკრეტულ სიტუაციაშია ადამიანისთვის შესაძლებელი“, - ამბობს გრიგორი სვერდლინი.

ზოგიერთ კლიენტს პროექტი სთავაზობს როგორც საზღვარგარეთ გამგზავრებას, ისე საიმედო თავშესაფრის მოძებნას რუსეთის ტერიტორიაზე. როგორც სვერდლინი ამბობს, ადამიანები მათ ინტერნეტის საშუალებით თავად სთავაზობენ მობილიზაციისაგან თავის ამრიდებელი ადამიანების მიტოვებულ სახლებში ან ჰოსტელებში განთავსებას. ხოლო თუ ადამიანი ითხოვს ფინანსურ დახმარებას, ახლო საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, პიროვნების ფინანსური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, კლიენტი ასეთ დახმარებასაც მიიღებს.

პროექტმა „იდიტე ლესომ“ რამდენიმე ადამიანს უკვე შეუძინა საავიაციო ბილეთი სომხეთის მიმართულებით.

კრიტიკულ სიტუაციებში პროექტში ჩაბმული მოხალისეები კლიენტებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებასაც სთავაზობენ. ამ მიზნით პროექტს რამდენიმე ათეული კრიზისული ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი უწევს კონსულტაციას.

„ორმოში აგდებენ, ვინც სამსახურზე უარს იტყვის“

კრიზისული ფსიქოლოგის დახმარება სავარაუდოდ დასჭირდება 23 წლის იგორს, რომელმაც იარაღი დაყარა და უკრაინიდან უკან თავის ნაწილში დაბრუნდა. როგორც მან უამბო პროექტ „კავკაზ რეალიის“, რუსეთის არმიაში ლოთობა, ქურდობა და არასაწესდებო ურთიერთობები მეფობს. „უკან არ დავბრუნდები, არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. არ მესმის, ამდენი ფული გამოყვეს ომისთვის და სად არის ეს ყველაფერი? ალბათ გენერლებმა მოიპარეს“, - ამბობს აღშფოთებული იგორი.

უკრაინაში მოხვედრამდე იგორმა რამდენიმე წლის წინ გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ხოლო 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ხელი მოაწერა კონტრაქტს 33-ე მოტომსროლელ პოლკთან, რომელიც ვოლგოგრადის რაიონის ქალაქ კამიშინშია განლაგებულია. ხელშეკრულების დადებიდან ორი თვის შემდეგ გაგზავნეს უკრაინაში, იგორის თქმით, ყოველგვარი მომზადების და პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტის გარეშე. თავიდან იგი ფრონტის ნიკოლაევის მიმართულებაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი ხერსონის მახლობლად გადაიყვანეს.

„პირველ ხანს გამუდმებული დაბომბვის ქვეშ ვიმყოფებოდით. მეთაურები და ჯარისკაცების უმეტესობა ალკოჰოლს იღებდნენ, რადგან უკვე თავს ვეღარ ართმევდნენ ვერაფერს. ხოლო თუ ვინმე უარს ამბობდა სამსახურზე, მას ორმოში აგდებდნენ. ორმოს ორი შეიარაღებული ჯარისკაცი იცავდა. იქიდან გაქცევის არავითარი საშუალება არ არსებობდა. მხოლოდ პროკურატურასთან დაკავშირების შემდეგ შეწყვიტა მეთაურმა ჯარისკაცების ორმოში ჩასმა, მაგრამ მაინც არავის უშვებდა, არავისგან იღებდა პატაკს (სამსახურიდან წასვლის შესახებ - რედ.), იმუქრებოდა: ყველას, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს იტყვის, ლუგანსკში გავგზავნი და იქ გავასამართლებინებო. მას სურდა, რომ ყველა რუსეთის გარეთ, ლუგანსკში გასამართლებულიყო, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს“, - ამბობს იგორი.

იგორი ამბობს, რომ ფრონტიდან გაქცევა მას აიძულა მთვრალი მეთაურის მუქარამ, რომელიც მუხლების ტყვიით გახვრეტით და ორმოში ჩასმით დაემუქრა იმის გამო, რომ ჯარისკაცმა ნაწილში გამეფებული არასაწესდებო ურთიერთობები გააპროტესტა.

მაგრამ ჯარისკაცების დასჯის ასეთი შუასაუკუნეობრივი მეთოდი ფრონტის გარდა ზურგშიც მოქმედებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მეთაურობამ გარაჟში ჩაამწყვდია რუსეთის ქალაქ ულან-უდეში განლაგებული რუსეთის არმიის ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 11 ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პატაკები დაწერეს.

მაგრამ იგორმა გადაწყვიტა, ემოქმედა. მან წერილით მიმართა ელენა პოპოვას, ადამიანის უფლებათა დამცველს, სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელ კეთილსინდისიერ მოქალაქეთა სანქტ-პეტერბურგის მოძრაობის ხელმძღვანელს, რომელმაც ურჩია, რომ საჩივარი რუსეთის გენერალური პროკურატურისთვის მიეწერა.

„იმოქმედეთ ასე, თუ მართლა გინდათ, რომ გადარჩეთ. მე მივხვდი, რომ სიცოცხლე მინდა. და ამის შემდეგ უკვე შევძელი გამოქცევა“, - ამბობს იგორი.

თუმცა, როგორც ჯარისკაცის ნაამბობიდან ირკვევა, მას წინ კიდევ არაერთი გამოცდა ელოდა. ჯერ იყო და რუსეთის საზღვარზე რუსეთის სამხედრო პოლიციამ დააკავა და რომ გაიგო, ომში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, კვლავ უკან დაუპირეს გაგზავნა.

„მე მათ ვუთხარი, რომ უარს ვამბობდი ბრძოლაში მონაწილეობაზე, რადგან დაწერილი მქონდა პატაკი და სამართლებრივი გზებით ვაპირებდი ჩემი უფლებების დაცვას. თავიდან არ უნდოდათ ჩემი გაშვება. კვლავ დავურეკე ელენა პოპოვას, მან გადაურეკა ოლქის სამხედრო სარდლობას და ელაპარაკა, რის შემდეგაც გამიშვეს. მაგრამ მათ საზღვარზე მიმიყვანეს, ღამით გზაზე დამაგდეს. მითხრეს, როგორც გინდა ისე წადიო, ამ სიცივეში და უკაპიკოდ. აი, ასე ექცევიან ისინი ადამიანებს“, - ამბობს იგორი.

ამჟამად უკრაინიდან გაქცეული რუსი სამხედრო თავის ნაწილში იმყოფება და იქ ელოდება სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებას.

უფლებადამცველი ელენა პოპოვა, რომელიც დაეხმარა იგორს უკრაინაში ომის ზონის დატოვებაში, იმედს იტოვებს, რომ იგორი თავის სამხედრო ნაწილში შეძლებს დანაყოფში კონტრაქტით დარჩენილი ვადის გავლას და უკან, უკრაინაში არ დააბრუნებენ, რისი გარანტიებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის არმიაში უკვე არ არსებობს.

„ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ ძალა დაკარგა ბევრმა საფუძველმა, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეს შეეძლო კონტრაქტის დარღვევა. თუ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ადამიანის მიერ მის რწმენაში მომხდარი ცვლილება შეიძლებოდა გამხდარიყო ასეთი საფუძველი, ამიერიდან კონტრაქტის დარღვევისთვის თქვენ ან ხელი უნდა დაკარგოთ, ან ფეხი, ან უნდა იყოთ მცირეწლოვანი ბავშვების ერთადერთი მარჩენალი“, - ამბობს პოპოვა.

  • პუტინმა 300 000 რეზერვისტის „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დანაკარგები განიცადეს უკრაინის ძალების კონტრშეტევების ფონზე.
  • 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უპატაკა, რომ „დასახული ამოცანა 300 000 პირის (მობილიზების) შესახებ შესრულებულია. და დამატებითი ზომები არ იგეგმება“.
  • შოიგუს პასუხად პუტინმა აღიარა მობილიზაციის დროს წარმოქმნილი პრობლემები და თქვა, რომ ისინი „გარდაუვალი იყო“. პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს „შესწორებები“ ესაჭიროება.
  • მობილიზაციის გამოცხადებამ ბიძგი მისცა რუსეთიდან გაწვევის ასაკის კაცების გადინებას. ათიათასობით რუსმა კაცმა მიაშურა საქართველოს, სომხეთსა და ყაზახეთს, სადაც მათ უვიზოდ შეეძლოთ შესვლა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG