Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი


ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. 2022 წლის 31 ოქტომბერი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. 2022 წლის 31 ოქტომბერი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა თანამდებობაზე დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტების გარეშე გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი მალევე დატოვა. სასამართლოს წერილობითი დასაბუთება მხარეებს მოგვიანებით გადაეცემა.

ირაკლი ჯინჭარაძის ადვოკატის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტ პაატა დიასამიძის შეფასებით, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების განმარტების გარეშე გამოცხადება გაუგებარია.

„მოკლე განმარტებაც არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან რთულია სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რადგან საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები, ასევე, მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ, რომ ირაკლი ჯინჭარაძე დისკრიმინაციული ნიშნით, დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამსახურიდან“, - განაცხადა პაატა დიასამიძემ. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს. ბულვარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამსახურიდან ჯინჭარაძის გათავისუფლების ბრძანება მინისტრის მიმართვის შედეგად გამოსცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა აუდიტის დასკვნა, რომ მენეჯმენტმა ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებდა, ზედმეტი თანხა გადაუხადა და ამით ბულვარი ფინანსურად დააზარალა.

დაცვის მხარის ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ აუდიტის შენიშვნები ეხებოდა პერიოდს, როცა ბულვარს სხვა ხელმძღვანელობდა, დირექტორად დანიშვნის შემდეგ კი, ირაკლი ჯინჭარაძემ კომპანიას სასამართლოში თავად უჩივლა ზიანის ასანაზღაურებლად. დაცვის მხარემ საქმის განხილვისას წარმოადგინა არაერთი ფაქტიც, როცა აუდიტს მსგავსი შენიშვნები ჰქონდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა დაწესებულებების მიმართაც, თუმცა ამის გამო სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ.

ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა საკრებულოში მისი კრიტიკული გამოსვლა. 2021 წლის 30 მარტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ჯინჭარაძემ საჯაროდ გაუწია წინააღმდეგობა ბათუმის ბულვართან მდებარე 4500 კვ/მ პლაჟის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას ერთ-ერთი სასტუმროსთვის. ირაკლი ჯინჭარაძე აცხადებდა, რომ ბულვარის სანაპირო საჯარო სივრცედ უნდა დარჩეს. პროტესტის გამო ბათუმის საკრებულომ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. ირაკლი ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებით ის, როგორც საჯარო მოხელე, ხმის ამოღებისთვის დასაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG