უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, რუსეთის მიერ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, უკრაინის ათ რეგიონში დაზიანებულია 18 ობიექტი, ძირითადად, ენერგეტიკული. შმიჰალის თანახმად, შვიდ ოლქში ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დარჩა ასეულობით დასახლებული პუნქტი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შედეგი გაცილებით უარესი იქნებოდა, რომ არა საჰაერო თავდაცვის ძალების გმირობა და პროფესიონალიზმი.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.
დღეს დილით, რუსეთმა შეტევა მიიტანა კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა დღეს მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს „შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის შეიარაღებით დარტყმები უკრაინის სამხედრო მართვის და ენერგეტიკის სისტემებზე“. რუსი გენერლის თანახმად, „დარტყმების მიზნები მიღწეულია და ყველა განსაზღვრული ობიექტი განადგურებულია“. მათი რიცხვი კონაშენკოვს არ უთქვამს.