მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის რაკეტის ნაწილები ქვეყნის ტერიტორიაზე დაეცა.
მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს თქვა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვითი ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტის ნაწილები ჩაცვივდა მოლდოვის ნასლავჩის დასახლებულ პუნქტში, რომელსაც მდინარე აშორებს უკრაინის ვინიცის ოლქს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტის სამიზნე იყო დნესტრის ჰიდროელექტროსადგური. იუწყებიან, რომ რაკეტის ფრაგმენტების დაცემის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა ზოგიერთ შენობაში მინები დაიმსხვრა.
რუსი დიპლომატის გაძევების პასუხად - რომლის ვინაობაც არ არის დაკონკრეტებული - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გააძევებს რუსეთის ფედერაციაში მოლდოვის საელჩოს თანამშრომელს.
ორშაბათს რუსეთის არმიამ მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც უკრაინის ათობით ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.