გაერომ უკრაინას დაუდასტურა, რომ ე.წ. „მარცვლეულის დერეფნით“ გემების მოძრაობა 3 ნოემბერს განახლდება. ამის შესახებ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა.
მინისტრის ინფორმაციით, 3 ნოემბერს, დერეფანს გაივლის 8 გემი, ხოლო 2 ნოემბერს, ბოსფორის სრუტეში ჩატარდება გემების ინსპექტირება.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
30 ოქტომბერს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ რუსეთის გარეშე შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების გეგმა. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, გემების ნაწილმა შეძლო უკრაინის პორტების დატოვება. 1 ნოემბერს, საღამოს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ 2 ნოემბერს დერეფანი არ იმუშავებს.