Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრიდონ ინჯია: რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს


ფრიდონ ინჯია, „ევროპელი სოციალისტები".
ფრიდონ ინჯია, „ევროპელი სოციალისტები".

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განიხილეს. „ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ სიტყვით გამოსვლის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.

„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი. იგივე გზას ადგეს, იგივეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი", - თქვა ინჯიამ.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოდან მიდის ხალხი და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს. „როდესაც იქნება ასი ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა, - დაამატა ფრიდონ ინჯიამ და განაგრძო, - რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა".

რაც შეეხება კანონპროექტს და ამ საკითხზე მმართველი პარტიის ხედვას, ინჯია „ქართულ ოცნებას" მიმართავს: „ნუ გვათამაშებთ, ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ". დეპუტატი ხელისუფლებას ივანიშვილის დაცვისკენ მოუწოდებს.

ეს ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელი პირობიდან, რომელიც საქართველომ 23 ივნისს, ევროკომისიისგან მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამ კანონმა, ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი არა, მაგრამ ისეთი პიროვნებები კი ნამდვილად შეიძლება გამოავლინოს, რაც ოპოზიციისთვის უსიამოვნო ფაქტი იქნება.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი არ იმჩნევს მკაფიო ჩანაწერს ევროკავშირის რეზოლუციაში, რომლის თანახმად, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი ჰყავს და ის ბიძინა ივანიშვილია, ასევე არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანდა.

დეოლიგარქიზაციის გარდა, ევროკომისიის პირობებს შორის სხვა არაერთი შესასრულებელი პირობაცაა, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ა.შ.

ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

XS
SM
MD
LG