Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში Starlink-ის 1300 ტერმინალი გაითიშა დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო


უკრაინაში სატელიტური კავშირი Starlink-ის 1300 ტერმინალი გაითიშა დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.

კავშირი გაითიშა 24 ოქტომბერს და შეეხო ტერმინალებს, რომლებიც უკრაინამ მარტში შეიძინა ბრიტანული კომპანიისგან და მათ სამხედრო ოპერაციების დროს იყენებდა. CNN-ის ცნობით, უკრაინის სამხედროები თვეში 2500 დოლარს იხდიდნენ Starlink-ის ყოველი ტერმინალისთვის. სექტემბრისთვის საერთო ხარჯებმა 20 მილიონ დოლარს მიაღწია და სამხედროებმა ვეღარ შეძლეს ტერმინალების მუშაობის საფასურის გადახდა.

როგორც CNN-ი წერს, ოქტომბრის დამდეგს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს მიმართა თხოვნით, დაფარონ მიმდინარე თვის ხარჯები (3,25 მლნ დოლარი). „ჩვენ უზრუნველვყოფთ ზოგიერთ ტერმინალს, რომლებსაც პირდაპირი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვთ უკრაინელი სამხედროებისთვის რუსეთის ინტერვენციის მოსაგერიებლად,“ განუცხადა ტელეარხს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

სექტემბერში კომპანია SpaceX-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ აღარ შეუძლია უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის ტერმინალების გაგზავნა და პენტაგონს სთხოვა, საკუთარ თავზე აიღოს დაფინანსება. 15 ოქტომბერს კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ი გააგრძელებს უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური კავშირის ხარჯების გაწევას მიუხედავად კომპანიის ფინანსური დანაკარგებისა.

პენტაგონში CNN-ის წყარომ აღნიშნა, რომ ილონ მასკის განცხადების მიუხედავად, რომ ის უკრაინას უფასოდ სთავაზობს Starlink-ის მომსახურებას, თავდაცვის სამინისტრო და SpaceX-ი განაგრძობენ მოლაპარაკებებს პროექტის დაფინანსებაზე. „ჩვენს შენობაში ყველამ იცის, რომ მათთვის გადახდას ვაპირებთ,“ უთხრა CNN-ს პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

Starlink-ს აქტიურად იყენებენ უკრაინელი სამხედროები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, სადაზვერვო მონაცემების მისაღებად და უპილოტო საფრენი აპარატების სამართავად. არ არის ცნობილი, რამდენ ტერმინალს იყენებენ უკრაინელი სამხედროები, მაგრამ გათიშული 1300 ტერმინალი მათ დიდ ნაწილს შეადგენს, აღნიშნავს CNN-ი.

XS
SM
MD
LG