Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის გამო უკრაინამ სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა ხუთი მნიშვნელოვანი კომპანია


უკრაინის კერძო კომპანია AvtoKrAZ-ის მიერ გამოშვებული დაჯავშნილი მანქანები
უკრაინის კერძო კომპანია AvtoKrAZ-ის მიერ გამოშვებული დაჯავშნილი მანქანები

უკრაინამ სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა სტრატეგიულად მიჩნეული ხუთი კომპანიის წილები, რათა გარანტირებული იყოს არმიის მომარაგება, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიებისას.

როგორც უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა 7 ნოემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს ნაბიჯი გადაიდგა ომის დროს გაჩენილი კანონების შესაბამისად, "სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე".

კომპანიებს შორისაა აეროკოსმონავტიკის ფირმა Motor Sich-ი, ენერგეტიკის კომპანია Ukrnafta, ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი კომპანია Zaporizhtransformator-ი, მანქანების მაწარმოებელი AvtoKrAZ-ი და ნავთობის გადამამუშავებელი Ukrtatnafta.

"იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ კომენდანტის საათის პირობებში მყოფი ქვეყნის საჭიროებები, ჩვენ გვაქვს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება", - თქვა დანილოვმა.

"ჩამორთმეული ქონება განიხილება სამხედრო ქონებად და მისი მენეჯმენტი გადავიდა თავდაცვის სამინისტროში. კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, კანონის შესაბამისად, ეს კონკრეტული ქონება შესაძლოა, დაუბრუნდეს მფლობელებს ან მათი ღირებულების კომპენსაცია იყოს გადახდილი", - დასძინა მან.

რუსეთმა, რომელიც თებერვლის ბოლოს პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში, ბოლო პერიოდში გააძლიერა დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის ბევრი მცხოვრები ემზადება რთული ზამთრისთვის, ელექტროენერგიის, გათბობისა და ცხელი წყლის სრულად გათიშვის ფონზე.

უკრაინის ძალები კონტრშეტევებს ახორციელებენ ქვეყნის აღმოსავლეთში და სამხრეთში იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებსაც რუსეთი ომის ადრეულ ეტაპზე დაეპატრონა.

კომპანია Motor Sich-ის დირექტორი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი გასულ თვეში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. პროკურორების განცხადებებით, ის რუსეთს ეხმარებოდა ვერტმფრენების და თვითმფრინავების ნაწილებით და კონტაქტი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG