Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ


ცხინვალის ხედი
ცხინვალის ხედი

დღეს, 8 ნოემბერს, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირიდან ცხინვალში იმყოფებოდნენ და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჟენევის დისკუსიების მონაწილეებისთვის, განუცხადა ადგილობრივ მედიას ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარმა.

ის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ოქტომბერში ჟენევაში გამართული დისკუსიების 56-ე რაუნდის შედეგები განიხილა.

ძალის გამოუყენებლობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ყველა მონაწილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ ოსეთისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის, რომ რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ეს ვალდებულება. ეს არის საკვანძო მომენტი ჟენევის დისკუსიების მუშაობისთვის“, - სააგენტო "რესის" ცნობით, განაცხადა ტოივო კლაარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეს დე ფაქტო მთავრობასთან განიხილა ჟენევის მოახლოებული რაუნდის დღის წესრიგის ყველა საკითხი.

ჩვენ განვიხილეთ ბოლო რაუნდის შთაბეჭდილებები და გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები წინსვლის შესახებ. და ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, მოხარული ვიყავით, რომ მოვისმინეთ მხარეების ვალდებულება პროცესისადმი. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელსაც ჟენევის პროცესი მიზნად ისახავს, არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელება. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების იმპლემენტაცია აქ, ცხინვალში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კლაარმა.

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა 7 აგვისტომდელ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, ესე იგი გავიდეს ცხინვალის რეგიონიდან, გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეგიონში შესვლის უფლება უნდა მიეცეს, რასაც ამჟამად მოკლებულია.

ჟენევის დისკუსიებზე სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა აღნიშნა, რომ დღეს ჟენევის დისკუსიები აღარ არის გაყინული პროცესი.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. დღევანდელი შეხვედრა შედგა ოქტომბრის დასაწყისში გამართული ჟენევის დისკუსიების რაუნდის შემდეგ. დღეს ჟენევის დისკუსიები აღარ არის გაყინული პროცესი. დღის წესრიგში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა. ანუ საკითხების მთელი სპექტრი, რომელსაც სამხრეთ ოსური მხარე თვლის მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა კოჩიევმა.

5 ოქტომბერს შვეიცარიაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი შედგა. ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები პირველად გაიმართა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საერთაშორისო სანქციები იყო.

ბოლო, 56-ე რაუნდის შემდეგაც დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს. ქართული მხარე კი ასეთი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG