Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, სავარაუდოდ, აღარ მიაწვდის უკრაინას Gray Eagle-ის კლასის უპილოტო თვითმფრინავებს - WSJ


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, აღარ გადასცეს უკრაინას თანამედროვე დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავები Gray Eagle MQ-1C, რომელთა კიევისათვის მიწოდებას მხარი 17-მა კონგრესმენმა დაუჭირა.

ამის შესახებ ანონიმ ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი, რომლის თანახმად, ამ კლასის უპილოტო თვითმფრინავების კიევისათვის მიწოდების წინააღმდეგია პენტაგონი. კერძოდ, აშშ-ის სამხედრო უწყება შიშობს, რომ მსგავს იარაღს შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ესკალაცია და ეს გახდება სიგნალი მოსკოვისთვის, რომ აშშ უკრაინას აწვდის ისეთ შეიარაღებას, რომელსაც შეუძლია იერიშების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე.

მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორც გამოცემა წერს, ეს რისკები არ ყოფილა გადამწყვეტი.

უპილოტო Gray Eagle MQ-1C-ის მწარმოებელი კომპანია General Atomics-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას დაუდასტურა, რომ მათთვის ცნობილია პენტაგონის გადაწყვეტილება. მან სხვა დეტალების შესახებ კომენტარს თავი აარიდა.

17 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის 17-მა წევრმა წერილი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. წერილში კონგრესმენები მას უკრაინისთვის მოიერიშე უპილოტო თვითმფრინავების რაც შეიძლება მოკლე დროში გადაცემას სთხოვდნენ.

გამოცემა Politico-ს ცნობით, დრონ Gray Eagle-ის რამდენიმე ერთეულის მიწოდების თხოვნით, კიევმა ვაშინგტონს აპრილის ბოლოს მიმართა. ივნისის დასაწყისში Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილავდნენ მსგავსი უპილოტო თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას.

უპილოტო მოიერიშე დრონ Gray Eagle-ს 30 საათის განმავლობაში შეუძლია ჰაერში ყოფნა და დიდი რაოდენობის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება. ამ დრონის ამერიკულ ვერსიას, რომელიც უფრო მეტად Predator-ის სახელითაა ცნობილი, შეიარაღებაში აქვს 8 ერთეული Hellfire-ის კლასის რაკეტა, რომლის სროლის მაქსიმალური სიშორე 10 კილომეტრია.

ამასთან, აშშ განაგრძობს უკრაინისათვის სხვადასხვა სახეობის თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას.

  • 7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები NASAMS-ი და Aspide.
  • NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში.
  • Aspide უკრაინას ესპანეთმა გადასცა. ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამ სისტემას 12 კილომეტრის რადიუსში 6 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული სამიზნეების განადგურება შეუძლია.
XS
SM
MD
LG