"მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხისშემცველი?!" - მიმართა კითხვით თბილისის მერმა კახა კალაძემ "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრს მაშინ, როცა ის მერს ავარიული კორპუსის მცხოვრებთა შიშებზე უყვებოდა. ლაშა ფარულავა კახა კალაძეს ავლაბრის მოედანზე მშენებლობის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებზე ესაუბრა. მან მერს უთხრა, რომ ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს.
"იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხისშემცველი იყოს, თუნდაც, მინიმალურად, 1%-ით და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას. რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის, ერთი პროექტი მითხარი", - განაცხადა კალაძემ.
ლაშა ფარულავას თქმით, ავლაბრის მოედანზე დაგეგმილია სავაჭრო სახლის მშენებლობა. მისი სიტყვებით, პროექტის მიხედვით, კომპანიამ 18 მეტრი უნდა გათხაროს, რაც საშიშია როგორც მეტროსადგურისთვის, ისე მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის.
"კვლევების შედეგად თუ გვექნება სურათი, რომ პროექტის განხორციელება საშიშია, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, კაცო?!" - უთხრა კალაძემ "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრს.
13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, თბილისის მერმა მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.