Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აქციის მონაწილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს


აქციის მონაწილე სტუდენტები. თეირანი. ნოემბერი, 2022 წელი
აქციის მონაწილე სტუდენტები. თეირანი. ნოემბერი, 2022 წელი

ირანის რევოლუციურმა სასამართლომ პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საპროტესტო აქციების მონაწილეს. მას თეირანში სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო “მიზანი“ ირანის რევოლუციურ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლომ შენობის დაწვას მუხარიბის - ტერორიზმის - კვალიფიკაცია მისცა. ისლამური კანონმდებლობით, მუხარიბი „კაცობრიობის მტრად“ მიიჩნევა და ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. ბრალდებულს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასაც ედავებოდნენ.

რევოლუციური სასამართლოს სხვა ორმა განყოფილებამ კიდევ ხუთ მომიტინგეს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, "ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის". განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში.

უფლებადამცველ მაჰსა ამინის სიკვდილის გამო ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე ათასობით მონაწილე დააკავეს, ბავშვების ჩათვლით. მათ ნაწილს „მიწაზე კორუფციასა“ და „ღვთის წინაშე დანაშაულში“ სდებენ ბრალს, რაც სიკვდილის ისჯება.

უფლებადამცველების მონაცემებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ ცოტა 326 ადამიანი მოკლეს, მათ შორის - 43 ბავშვი. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 40 თანამშრომელი.

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ირანში, თეირანში ქურთისტანის პროვინციიდან სტუმრად ჩასული 22 წლის მაჰსა ჟინა ამინი მორალის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა ბრალდებით, რომ თავსაფარი წესის მიხედვით არ ეკეთა. ამინი იქ ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ნოემბერში აქციების ინტენსივობამ იკლო, თუმცა დროდადრო ძლიერდება ადგილებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და ახალ მსხვერპლზე საპასუხოდ.

ირანის საპროტესტო გამოსვლებს ორიგინალური ფორმები აქვს: არაერთმა ქალმა საჯაროდ შეიჭრა თმა. თმის შეჭრით ირანის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს გამოჩენილმა არტისტებმა, რისი ჩანაწერიც ინტერნეტს მოედო. ირანში და სხვაგან საჯაროდ წვავდნენ თავსაფარებს, პროტესტის თავისებურ სიმბოლოს. ასევე გაისმის გამორჩეული ლოზუნგები, რომლებითაც მთავრობას წასვლისკენ მოუწოდებენ. არის ბევრად უხეში ლოზუნგებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG