Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლი


უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლის დაკრძალვა ცხივალში. სააგენტო „რეს“-ის ფოტო
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლის დაკრძალვა ცხივალში. სააგენტო „რეს“-ის ფოტო

დღეს, 18 ნოემბერს, ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს, 29 წლის ივან ელბაქიევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა.

ელბაქიევი ომში მოხალისედ წავიდა. ის იმ მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკიდან წასულმა მებრძოლებმა შექმნეს. ელბაქიევის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად გავიდა, და უკრაინული დანაყოფის ალყაში მოექცა. ეს მოხდა 25 სექტემბერს, მას შემდეგ ელბაქიევი დაკარგულად მიიჩნეოდა და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა შესაძლებელი მისი ცხედრის აღმოჩენა.

ცხინვალში მის გასვენებას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

„სამწუხაროდ, ომი არავის ზოგავს და მთელ რუსეთში ბევრია დაღუპული. მაგრამ ჩვენი პატარა ხალხისთვის თითოეული დანაკარგი უდიდესი ტრაგედიაა“, - განაცხადეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამგლოვიარო მიტინგზე.

ელბაქიევი ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული 23-ე დაღუპული მებრძოლია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 000 ჯარისკაცს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG