Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადში მობილიზებულ რეზერვისტთა ცოლები და დედები პუტინს მათი ნათესავების ფრონტის წინა ხაზიდან დაბრუნებას სთხოვენ


რუს მობილიზებულთა საველე ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში
რუს მობილიზებულთა საველე ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში

ვოლგოგრადის 42-ე მოტორიზებული დივიზიის 291-ე პოლკიდან მობილიზებულთა ცოლებმა, დებმა და დედებმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც სთხოვენ დააბრუნონ მათი შვილები, ძმები და ქმრები უკრაინის ფრონტის ხაზიდან. შესაბამისი ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა ტელეგრამის არხზე "ფრთხილად, ახალი ამბებია".

მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ყველა მობილიზებული ომის წინა ხაზზე სათანადო სამედიცინო შემოწმების გარეშე გაგზავნეს, ბევრ მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ზოგიერთი კი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მეურვეა.

"ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი კაცების სახლში დაბრუნებას. ისინი არ არიან მშიშარები, არ არიან დეზერტირები. უწყების მიღების შემდეგ, ისინი არ გაქცეულან და არ დამალულან, და შეგნებულად წავიდნენ სამშობლოს დასაცავად. მაგრამ ისინი არ არიან პროფესიონალი ჯარისკაცები, მათ არ გაუვლიათ მთელი ის გზა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა, რომ ბრძოლის ველზე თავი ეგრძნოთ დარწმუნებულად. ძალიან გთხოვთ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აიყვანოთ სიტუაცია კონტროლზე და გაერკვეთ მასში", - აცხადებენ ქალთა ჯგუფის წარმომადგენლები ვიდეომიმართვაში.

ვოლგოგრადი ერთ-ერთია რუსეთის იმ რეგიონებს შორის, სადაც ყველაზე მეტი მობილიზებული მოქალაქე დააბრუნეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მობილიზების გამო.

რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ანგარიშში 379 ასეთი მობილიზებული მოხვდა. მისივე თქმით, მობილიზებულთა 60% ჯანმრთელობის პრობლემების გამო ომში მონაწილეობისთვის გამოუსადეგარია, კიდევ 15%-ს კი ოჯახური გარემოებების გამო არ ეკუთვნოდა მობილიზაცია.

  • 10 ნოემბერს კურსკის რეგიონის მობილიზებული მაცხოვრებლები უკრაინის ლუგანსკის რეგიონიდან უკან სამხედრო ნაწილში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც მათმა ცოლებმა ქმრების ფრონტის ხაზიდან გაყვანა ჯერ ხელისუფლებისგან მოითხოვეს, მაგრამ როცა პასუხი ვერ მიიღეს, თავად ჩავიდნენ უკრაინის საზღვარზე და პირობა დადეს, რომ ამას დამოუკიდებლად გააკეთებდნენ.
XS
SM
MD
LG