Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ პოლონეთს შესთავაზა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი


ფოტო არქივიდან. საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი
ფოტო არქივიდან. საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი

გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესთავაზა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და ავიაგამანადგურებლები Eurofighter-ი. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა განუცხადა გერმანულ გამოცემებს, Rheinische Post-ს და General Anzeiger-ს. ლამბრეხტის თქმით, მზად უნდა იყვნენ გერმანიის და ნატოს ტერიტორიის დასაცავად.

15 ნოემბერს, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლონეთის, აშშ-ის და ნატოს განცხადებით, პშევოდუვში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა, თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს. უკრაინის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ჩართონ პოლონეთში რაკეტის აფეთქების გამოძიებაში. უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მზად არიან პარტნიორებს გადასცენ რუსული კვალის მტკიცებულებები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატომ გააძლიერა ზომები აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო თავდაცვის განმტკიცებისთვის. ოქტომბერში, ნატოს ათზე მეტმა ქვეყანამ, გერმანიის ხელმძღვანელობით, დაიწყო საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის შეძენა.

სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, ცივი ომის წლებში გერმანიას 36 Patriot-ი ჰქონდა, ამჟამად კი, მის განკარგულებაშია 12, საიდანაც 2 სლოვაკეთშია განთავსებული.

XS
SM
MD
LG