Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხის ძალა": აშშ-ის საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა


"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილ დეპუტატთა პარტია "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ამერიკის საელჩო აქტიურად ცდილობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "გადაბირებას" იმისათვის, რომ მან ხელი მოაწეროს ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირველ სამ წელს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში ის თავისუფალი იყო "დასავლეთის აგენტების" გავლენებისგან, შემდეგ კი, შვილების უკეთეს სამსახურებში მოწყობის სანაცვლოდ, "დაექვემდებარა" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

"ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება", - წერენ დეპუტატები.

ამ წერილში ისინი ტრადიციულად უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და მათ დასავლეთის "აგენტებად" მოიხსენიებენ. დეპუტატები საუბრობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზეც და წერენ, რომ "მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, „ქართული ოცნება“ ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების „ამერიკული ოცნება“ შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს."

სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. სააკაშვილის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, მას შეხვედროდნენ და გაეცნოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა. 24 ნოემბერს პრეზიდენტმა თქვა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ცნობილია მისი პოზიციაც სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა და არასოდეს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG