Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა


2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების მიმდინარე/გადაუდებელი საჭიროებების შესახებ.

შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG