Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ულაძიმირ მაკეი


ულაძიმირ მაკეი
ულაძიმირ მაკეი

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА იუწყება, რომ გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ულაძიმირ მაკეი.

ცნობა გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანატოლი გლაზის სიტყვებზე დაყრდნობით.

იუწყებიან, რომ მაკეი გარდაიცვალა უეცრად, "ამას არაფერი მოასწავებდა" - ამბობს გლაზი. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ულაძიმირ მაკეი 64 წლის იყო. მან კარიერა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შემდეგ იყო ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა 2012 წლიდან.

მაკეის ავადმყოფობის შესახებ ცნობები არ იყო, მიმდინარე კვირაში ის ერევანში იმყოფებოდა, ბელარუსის დელეგაციის ფარგლებში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე, ასევე შეხვედრა ჰქოდა ვატიკანის წარმომდგენელთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვში "შეძრულები არიან ცნობით ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გარდაცვალების შესახებ".

რუსეთის კრემლის მომხრე მედიასაშუალებები ტელეგრამის არხებით 2020 წლამდე მაკეის ხშირად ადანაშაულებდნენ სწრაფვაში ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ, რუსეთის ინტერესების ხარჯზე. ამავე დროს, მაკეი და მისი უწყება მისდევდნენ ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, როცა ბელარუსის ლიდერმა მოსკოვს დაუჭირა მხარი.

დასავლეთის ქვეყნებიდან მაკეისთვის სანქციები დაწესებული ჰქონდა მხოლოდ კანადას, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ აშშ-სა და ევროკავშირს.

XS
SM
MD
LG