Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა სახალხო დამცველობის რვა კანდიდატურაზე ოპოზიციასთან კონსულტაციას გააგრძელებს


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ილაპარაკა განხილული საკითხების შესახებ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან რვაზე გააგრძელებს ოპოზიციასთან კონსულტაციებს. მან განმარტა, რა პრინციპით შეაჩერეს ყურადღება კანდიდატებზე. მდინარაძემ მათი ვინაობაც დაასახელა.

„ომბუდსმენთან დაკავშირებით, დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხზე. ოპოზიციის შეხვედრის და უმრავლესობის დღევანდელი სხდომის ერთგვარი საერთო შედეგი შემიძლია გაგაცნოთ: სულ, მოგეხსენებათ, იყო 19 კანდიდატი, აქედან სამმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში ანუ ამ ადამიანებზე მსჯელობას, ბუნებრივია, არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან, შვიდ მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია. შეიძლება ითქვას, რომ თუკი არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, ფრაქცია, „ქართული ოცნების“ ჩათვლით, არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატურას, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს შესაბამისად, მათემატიკური დათვლითაც კი, გნებავთ, თეორიული შანსი დავარქვათ და ა.შ.

რჩება რვა კანდიდატი, რომლებზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე, მე შემიძლია, დღეს გაგაცნოთ მათი სახელები და გვარები. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაამატა: „ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისათვის არის მისაღები, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივდივართ და მივედით დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს და ამიტომ ამ კანდიდატებზე გავაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს ოპოზიციასთან".

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა.

კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქცია ყველა მოქმედ და გასაუბრებაგავლილ კანდიდატს დაუჭერდა მხარს იმ მოტივით, რომ ამ თემაზე "პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელი არ შეეშალოს".

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა (19) კანდიდატს.

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

XS
SM
MD
LG