Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხის მერმა მანქანის დაწვაზე ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

​წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს მანქანა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დაუწვეს. ამის შესახებ მან მედიას დღეს, 29 ნოემბერს, უთხრა და წარუდგინა ამონარიდი ექსპერტიზის დასკვნიდან.

"შესწავლისას დადგინდა, რომ ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე, საიდანაც შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია აალება ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, წინა ფრთასთან, ძრავის განყოფილების სახურავთან", - წერია ექსპერტიზის დასკვნის ამონარიდში.

ხარჩილავა ამბობს, რომ მისი სახლიდან პოლიციის შენობამდე 200 მეტრია და არსებობს ვიდეოკამერები, რომლებსაც იმ ღამით ქალაქში მოძრავი მანქანების დაფიქსირება შეეძლოთ, გამომძიებლებს კი - იდენტიფიცირება.

"ქართული ოცნება" მიჩვეულია პოზიციების ცვლილებას, მიჩვეულია ფულით პრინციპებისა და პოზიციების ყიდვას. მინდა ვუთხრა, რომ არიან იდეალისტები, რომლებიც პოზიციას არ იცვლიან. ეს პირდაპირ შეიძლება დავუკავშირო პოლიტიკურ შეკვეთას იმიტომ, რომ წლის განმავლობაში სწორხაზოვნად მივუყვებით პრინციპებს, მივყვებით რეფორმებს, მივყვებით სწორ ღირებულებებს", - თქვა გია ხარჩილავამ პრესკონფერენციაზე.

12 ოქტომბერს წალენჯიხის მერის სახლთან მდგარ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხარჩილავა ამბობს, რომ მანქანა დაუწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მერმა ეს ფაქტი მაშინვე დაუკავშირა თავის საქმიანობას - ის საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

XS
SM
MD
LG