ვლადიმირ პუტინი 1976 წლის სექტემბერში, დიდი ალბათობით, პირადად მონაწილეობდა მაშინდელ ლენინგრადში, მწერალ ოლეგ ვოლკოვის ბინის ჩხრეკაში. შესაბამის ოქმს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მდებარე პოლიტიკური ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი, ყურადღება მიაქცია ისტორიკოსმა კონსტანტინ შოლმოვმა. ოქმზე მითითებულია უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის(КГБ) ლეიტენანტი პუტინი.
1976 წლის აგვისტოში, მწერალმა ოლეგ ვოლკოვმა და უფლებადამცველმა იული რიბაკოვმა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის კედელზე დაწერეს: „თქვენ ჯვარს აცვამთ თავისუფლებას, მაგრამ ადამიანის სულმა არ იცის ბორკილები“. ვოლკოვს „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის“ 7 წლით, ხოლო რიბაკოვს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 1976 წელს, 23 წლის პუტინს უკვე გავლილი ჰქონდა საბჭოთა უშიშროების ოპერატიული შემადგენლობის მომზადების კურსები და უფროსი ლეიტენანტი იყო. ჩხრეკის ოქმზე მითითებულია ლეიტენანტი კოშელევიც, რომელიც მოგვიანებით პუტინთან ერთად მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის ადმინისტრაციაში.