Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს.

„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად - არც შედეგს.

სრულიად ვიზიარებ და ვიზიარებდი მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებამდე პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე.

ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი, ისე უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი საზრუნავი იყო და არის სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში", - წერს მელია.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაიწყება.

„ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, როგორც ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობას და უსამართლობას არ/ვერ შევეგუებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება.

მანამდე კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებ, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ.

მსურს კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ერთობის უდიდესი მნიშვნელობა - ძალა ერთობაშია", - აცხადებს ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იგეგმება სასამართლოსთვის მიმართვა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG