Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე სლოგანზე: მსოფლიოში რაც ხდება, ნებისმიერი ადამიანი ინატრებს მშვიდობას


კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო საახალწლო სლოგანს, რომელიც წელს "მშვიდობის ქალაქია". მისი თქმით, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა სცადა სლოგანი წარმოეჩინა, "როგორც ნიშნისმოგება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ".

"იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის ან, გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება...

სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა. პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. რა ვქნათ, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მისამართით?!" - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, "კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება [რომ] დაებრუნებინა", მშვიდობა არ იქნებოდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყების სურვილის ქონაში ადანაშაულებენ.

"თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი", - თქვა მერმა.

2023 წლის საახალწლო სლოგანის - "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში. გუშინ, 29 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა პრეაქციაც, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ დღეს, 30 ნოემბერს, 21:00 საათზე სლოგანის შეცვლის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG